საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო-ვიზუალური დაკვირვების ქვეშ არის. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საფრთხე არ არსებობს, თუმცა დაკვირვების ქვეშ ყოფნა თავად დეკანოზმა მოითხოვა.
„იმ ფონზე, როდესაც საუბარია ყველაზე მაღალ ავტორიტეტულ ადამიანზე საქართველოში, როდესაც ასეთი ბრალდების ტირაჟირება ხდება, კონკრეტული სახელი-გვარი სახელდება, არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ, მისი ოჯახის წევრების მიმართ რისკებს ჰქონდეს ადგილი და სახელმწიფომ უფრო დამატებითი ღონისძიებები უნდა გატაროს, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მზად არის, გამოძიებას ჩვენება მისცეს.