პატრიარქი ჯანმრთელობის, ხოლო სინოდი უსაფრთხოების გამო მამა გიორგი მამალაძეს ვერ შეხვდება, – ამის შესახებ ინორმაციას “TV პირველი“ ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კი ჩაფიძის კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს უკეთესად გრძნობს.
„მიდის მოლაპარაკება რომ პაციენტმა გააგრძელოს მკურნალობა თავის დანიშნულების მიხედვით. პრაქტიკულად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენების მიცემა შეუძლია“- განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება მამალაძის ადვოკატს, კლინიკაში მისვლისას მანაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ
„ჩვენ ვესაუბრეთ მამა გიორგის და ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება საშუალება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ ის წინასწარი გამოძიებისას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პირდაპირ პატრიარქს. თუ ვთქვათ, პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს. თუ გავითვალისწინებთ ქალბატონი ნანა კაკაბაძის განცხადებებს, ალბათ უპრიანი იქნება მეუფე პეტრეც თუ მობრძანდება“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, მამა გიორგის ინტერესების დამცველის თქმით, მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და ჩვენებას მისცემს.
„ჩვენ შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. უკვე სრულყოფილად დაიწყება მისი დაკითხვა. წაყენებულ ბრალდებას, რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშულოდ ცნობს თავს. თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე რომ აქ აღარ არსებობს დანაშული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებს, აქედან გამომდინარე, საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება. თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.