უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს,რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია და მომხდართან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი იცის, ვიდრე ეს ოფიციალურად ითქვა.
– რას იტყვით საპატრიარქოს პოზიციაზე? დღეს აქტიურად მოითხოვენ მთავარი პროკურორის გადადგომას. ამბობენ, რომ პროკურატურამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ასეა?
– ის, რაც დღეს ხდება, მიზანმიმართული კამპანიაა. ფარულ ჩანაწერებში არსებობს სრულიად მიუღებელი და ამაზრზენი კადრები. ისინი იმდენად მტკივნეული იქნება პატრიარქისთვის, რომ პროკურატურა ერიდება პატრიარქის ტკივილს.
– ასეთი რა ხდება ამ ჩანაწერებში? გაქვთ ინფორმაცია, რაზეა საუბარი?
– სამწუხაროდ, ინფორმაცია მაქვს. როგორც ჩანს, პროკურატურაც აქედან გამომდინარე იკავებს თავს ამის სააშკარაოზე გამოტანისგან.
– თუმცა საპირისპიროც გვესმის, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება და ახლა გამოსავალს ეძებს…
– სასამართლოზე გამოჩნდება, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას! რაღაც დოზით სასამართლოც უნდა იყოს დახურული ამ მიმართულებით.
– თქვენი საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ პატრიარქის მოწამვლა იყო გამიზნული?
– ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ისე უნდა მომხდარიყო, რომ თვითონ ოპერაციის დროს დამდგარიყო სავალალო შედეგი.