ბრიტანული ყვითელი გამოცემა daily mail-ის ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის საქართველოს რაგბის ნაკრების „ექვს ერში“ მოსახვედრად წელიწადში 8.5 მილიონი გადაიხადოს, რაგბის კავშირის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი ბაჩო ხურციძე “მეტრონომთან” არ ადასტურებს. მისი თქმით, გაუგებარია daily mail-ის ჟურნალისტმა რაზე დაყრდნობით გაავრცელა ეს ინფორმაცია:
” ეს ყველაფერი მათი ინიციატივით დაიწერა. ჩვენ მსგავსი არაფერი არ გვითქვამს. რაგბის კავშირი ამას ვერც იტყოდა, რადგან ჯერ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან არ გვისაუბრია. თვითონ თუ მოახერხა დაკავშირება ივანიშვილთან და მისი პასუხი დაწერა- ეჭვი მეპარება. daily mail-ის ჟურნალისტს უნდოდა ბატონ ბიძინასთან ინტერვიუ, ამიტომ ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, გიორგი უძილაურთან დავაკავშირე. მერე კი დაიბეჭდა სტატია ასეთი ფრაზით. ვერაფერს ვერ გეტყვით, რაგბის კავშირი ამ ფრაზას ვერ დაადასტურებს.
“მეტრონომი”: “ექვს ერთან” დაკავშირებით, რაგბის კავშირში, ზოგადად თუ მიმდინარეობს საუბარი?
ბაჩო ხურციძე: “ზოგადად, მთელი მსოფლიოს პრესა წერს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია “ექვსი ერის” წევრები გავხდეთ, რადგან ეს ფინანსურად არამარტო რაგბისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მომგებიანია. ჯერ ერთი, ქვეყნისთვის რეკლამაა, მერე-ტურისტების თვალსაზრისით, რადგან ყველაზე დასწრებადი ჩემპიონატია. თუმცა, “ექვსი ერი” ძალიან დახურულია, რომელსაც სხვადასხვა გამოცემა ხშირად ეკითხება, თუ რატომ არ იღებენ საქართველოს.
-თქვენი მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის და “ექვს ერში” მოსახვედრად, ინვესტიციის მიღების ინიციატივა თუ ყოფილა?
-ივანიშვილმა ჩვენ იმდენი რამე გაგვიკეთა, ასეთ რამეს როგორ ვიტყოდით, რომ “ექვსი ერისთვის” დაგვაფინანსოს, რომ მიგვიღონ. თან , “ექვს ერში” თუ მოვხვდით, პირიქით, ფინანსურად ძალიან სარფიანი იქნება, რადგან ეს ექვსი ერი თანხას იყოფს. მილტონმა ( “ბორჯღალოსანთა” ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი. რედ) ჟურნალისტს უთხრა, რომ რატომ არ გვიღებენ, ფული ღირს მიღებაო? და ჟურნალისტმა, რომელიც ყვითელი პრესის წარმომადგენელია, პროვოცირება გაუკეთა ამ წინანადებას”-განაცხადა ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ყვითელი გამოცემა daily mail-ი სტატიას სათაურით “საქართველოს სურს ექვს ერში მოხვედრა… მათი რეიტინგი იტალიისაზე მაღალია. მათ აფინანსებს მილიარდერი და მზად არის წელიწადში 8.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს ელიტაში ადგილის დასაკავებლად“- აქვეყნებს.
„მეტრონომი“ გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
„თბილისის სამხრეთ გორაკზე ფოლადისა და შუშის სასახლე მდებარეობს, რომელსაც თავისი ზვიგენისთვის განკუთვნილი აკვარიუმი აქვს. სასახლე ჯეიმს ბონდის რომელიმე სერიიდან, ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედისას ჰგავს. კერძო აკვარიუმის მოსამარაგებლად ზღვის მარილით სავსე სატვირთო მანქანები მოდიან. ხელოვნების ნიმუშების – მილიარდიან კოლექციასთან ერთად, სასახლის მფლობელს ჰყავს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები.
„რვა სხვადასხვა ტიპის ფარშევანგი არსებობს“,- ამტკიცებს ის,- „მე ყველა მყავს“.
წლების მანძილზე, არავინ იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა სასახლის მისტიური ბინადარი, თუმცა ცნობილი იყო, რომ იგი აკეთებდა დიდი ოდენობის შემოწირულობებს თეატრებისთვის, ეკლესიებისთვის და საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის. 2011 წელს, მან თავისი იდენტობა გამოამჟღავნა და გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მან აწარმოა მოლაპარაკებები ბარაკ ობამასთან და დევიდ კამერონთან და ახლა მილიარდერი, რომელიც თავისით გამდიდრდა, აფინანსებს საქართველოს კამპანიას შეუერთდნენ „ექვსი ერის“ ლიგას.
საქართველო რაგბის მსოფლიო რეიტინგებში იტალიას უსწრებს, მაგრამ „ექვსი ერის“ ელიტისტი კომიტეტი აგდებულად უყურებს ახალი მონაწილის მიღების პერსპექტივას. სპორტული შეჯიბრების კარი ჩაკეტილია, მაგრამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას აქვს თავისი გასაღები.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში „ექვსი ერის“ დირექტორი ჯონ ფიჰანი ან ნებისმიერი კომიტეტის წევრი მოვიწვიოთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა სპორტულ გამოცემა Sportsmail-თან ინტერვიუში.
„არც ერთ ჩვენგანს არასდროს გვილაპარაკია მასთან. საქმე ეხება რაგბის მოედანზე თამაშისთვის ღირებულების დამატებას თუ ფინანსურ ღირებულებას? ჩვენ ორივე შეგვიძლია.
გვითხარით, რამდენი საჭიროა. თუ 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით. სულ მცირე, იმას მაინც ვიტყით, რომ კი ბატონო, აგერ 10 მილიონი, ან დაგემშვიდობებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიშოვნით საჭირო თანხას“- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ივანიშვილი ღარიბ ოჯახში, ქართულ სოფელში გაიზარდა. იგი ყოველ დღე, სკოლაში მისასვლელად გაყინულ მინდვრებს კვეთდა და თავისი კარიერა ქარხნის იატაკის წმენდით დაიწყო. ის პრივატულობას უკიდურეს დონეზე ინარჩუნებს. მისი ვაჟი ბერა, რომელმაც სნუპ დოგთან ერთად გარეპა, ნაკლებად ჩაკეტილია, მაშინ, როდესაც ბიძინა ხშირად 55 000 გულშემატკივარში გარეული უყურებს ლელოს. მისი ქონება დოლანდ ტრამპისას 800 მილიონი დოლარით აღემატება. მან ააშენა 12 სავარჯიშო ბაზა და ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 2011 წლიდან მოყოლებული „ექვსი ერის“ ყველა B დონის შეჯიბრი. არსებობს რაგბისთვის განკუთვნილი სპეციალური ტელეარხი და მამუკა გორგოძე, ნაკრების კაპიტანი, თბილისის ყველა ავტობუსზე გაკრულ პოსტერზეა გამოსახული.
„როდესაც დავიწყე მუშაობა 2011 წელს, ადგილობრივი სპონსორები იხდიდნენ 10 000 დოლარს. ახლა იხდიან 300 000 დოლარს. მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანაშია რაგბი ეროვნული თამაში: ახალ ზელანდიასა და უელსში. საქართველო მათ ბევრად არ ჩამორჩება. დროა კარების გახსნის.
როდესაც ადამიანებს ეშინით, რას აკეთებენ? ისინი ამბობენ, მოდი ბიჭებო, ჩავკეტოთ წრე და არავინ შემოვუშვათ. მოგვეცით შანსი. თუ ჩვენ არ ვიქნებით კონკურენტუნარიანი ორი-სამი წლის შემდეგ 40 ქულით გავიწკეპლებით ყველა თამაშში, რაც დარწმუნებული არ ვარ, არ მოხდება, ჩვენ პირველები ვიტყვით, რომ ბოდიშით, მეგობრებო, წავბობღდებით უკან ჩვენს ხვრელში“- განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, –ნათქვამია daily mail-ის სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ Daily Mail-ი Wikipedia-ს რედაქტორებმა ერთხმად სცნეს, როგორც “არასანდო წყარო”. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.