სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურვილი აქვს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პატრიარქმა დაკავებული დეკანოზის მონახილების სურვილი გუშინ, მასთან შეხვედრისას გამოთქვა.
„პატრიარქი დაინტერესებულია, მეტი ინფორმაცია გაიგოს, თუ რა მოხდა და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ის ასევე საუბრობს, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება, სადაც სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალ ადვოკატ მალხაზ რამიშვილს, იმ შემთხვევაში, თუ ის გაუთქმელობის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. საგამოძიებო უწყებამ მას საქმის სხვა ორი ადვოკატის მსგავსად, დოკუმენტზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც ადვოკატი ამ დრომდე უარს აცხადებს.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.