საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პატრიარქი აეროპორტთან შეკრებილ მრევლს შეხვდა და დალოცა.
ადგილზე ასევე იმყოფებიან სასულიერო პირები და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები.
„ჩვენი აქ მოსვლით გამოვხატავთ სიხარულს მის ჯანრმთელობასთან დაკავშირებით. მისდამი სიყვარულს და პატივისცემას“- განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც აეროპორტში იმყოფება.
რამდენიმე წუთის წინ პატრიარქის მანქანამ უკვე დატოვა აეროპორტი. ამ წუთებში მისი მანქანა სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება, ხოლო შემდეგ კი იგეგმება საქართველოს საპატრიარქოში მიბრძანება, სადაც მრევლი დახვდება.
შეგახსენებთ, ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში, ნაღვლის ბუშტზე ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.