„თუ კი პატრიარქი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, ყველას აპატიოს ყველაფერი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, გამოძიების გაგრძელებას აზრი არ ექნება”, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის ე.წ. ციანიდის საქმეზე ერთ-ერთი მოწმეა.
„პატრიარქის ჩამობრძანების შემდეგ, თუ კი პატრიარქი არ იქნება წინააღმდეგი, ალბათ გასაჯაროვდება, მე ვიცი რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას ყველაზე მეტად უნდა გასაჯაროვდეს ეს საქმე, იმიტომ რომ იქ არის შოკის მომგვრელი მასალა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არცერთი კითხვა არ დარჩება ამ მასალის მოსმენის შემდეგ, უბრალოდ პროკურატურა და სახელმწიფო დღეს უფრთხილდება საპატრიარქოს პრესტიჟს და სახელს, რომ არ შეიბღალოს. ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქის პოზიცია. ეს ყველაფერი ეხება საპატრიარქოს, რომლის წინამძღვარიც გახლავთ მისი უწმიდესობა, მასთან შეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას გასაჯაროვების ან არ გასაჯაროვების.
თუ კი პატრიარქი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, ყველას აპატიოს ყველაფერი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, გამოძიების გაგრძელებას აზრი არ ექნება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.