თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 200 საათამდე. გარდა ამისა, კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა ამა თუ იმ საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაციებში არსებული დარღვევები, ჯერჯერობით, დასჯილი არავის არავინ უნახავს. წესით, თუ დეკლარაციაში რაიმე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი მაკონტროლებელი ვალდებული იქნება, საქმის წარმოების მასალები შესაბამის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.
მონიტორინგის ცენტრა “მედიატორმა”, “სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოსთან”, ერთად დაიწყო “ქართული ოცნების” დეპუტატების დეკლარაციების შესწავლა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე, დეკლარირებული მილიონერია.
კვლევის მიხედვით, მილიონერების უმრავლესობა აგრეთვე დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ისინი პირდაპირ თუ “ირიბად” ფლობენ სხვადასხვა ბიზნესს. მილიონერების სიას სათავეში უდგას შოთა შალელაშვილი 34 907 760 ლარით. მეორე ადგილზეა გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 13 მლნ ლარს უტოლდება.
მაკრახიძის მსგავსად, სამეწარმეო საქმიანობას კრწანისის დეპუტატიც მისდევს. მეოთხე ადგილს ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი იკავებს, რომლის ქონება 10 მლნ ლარს აღწევს. ხუთეულს ასრულებს შევარდნაძისდროინდელი შს მინისტრი, ახლა კი ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი. მისი ქონება 7 672 000 ლარია.
კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატებიდან მიწის ნაკვეთს მფლობელობის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ იოსებ მაკრახიძე ლიდერია. მას 418 266 კვ.მ ეკუთვნის. შემდეგ მოდიან მახირ დარზიევი – 306 575 კვმ, გელა სამხარაული – 285 383 კვმ და რევაზ არველაძე – 169 272 კვმ.
“სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს” ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ მინიოლიგარქებს არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან და ისინი, ძირითადად, დაკავებული არიან ბიზნესით. მისი ინფორმაციით, მათი საკანონმდებლო საქმიანობაც, დიდი ალბათობით, საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და დაცვას ემსახურება.
მალავენ თუ არა საკუთარ ქონებას უმრავლესობის წევრები? – როგორც ხაბეიშვილი ამბობს, კვლევის დროს გაჩნდა ეჭვი, რომ კონკრეტული პირები საკუთარ ქონებას მალავენ.
კვლევიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერ მილიონერებს შორის პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი – კობა ნაყოფია, აგრეთვე ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები – სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ ავსებენ საჯარო დეკლარაციას მართებულად, რაც მიანიშნებს, რომ “ქონების დამალვის” პრობლემა საერთოა:
“პოლიტიკური შეფასებისგან რომ შევიკავოთ თავი და იმ ფაქტს არ მივაქციოთ ყურადღება, რომ 37 დეკლარირებული მილიონერია უმრავლესობაში, ფაქტია, რომ გარკვეული თანამდებობის პირები მალავენ ქონებას. უფრო მეტიც, ოპოზიციონერებიც, რომლებიც ამ საკითხით უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, თავად არ ავსებენ დეკლარაციას სწორად. გიგა ბოკერია მხოლოდ ერთ ავტომობილს რომ მიუთითებს, უმრავლესობის დეპუტატებს რა უნდა მოსთხოვო. ცალსახად მანიშნებელია, რომ ბოკერია მალავს ამ შემთხვევაში ქონებას. ასევე, რამაზ ნიკოლეიშვილი არ უთითებს დეკლარაციაში ქონებას სრულად. დეკლარაციის გამჭვირვალეობა საჭიროა იმიტომ, რომ არ გვქონდეს ფარცხალაძის მსგავსი შემთხვევები, როცა ის პროკურორობიდან გადადგა და რამდენიმე თვეში მილიონების ქონება შეიძინა. ანუ, მას ან მანამდე ჰქონდა დამალული, ან შემდეგ მიიღო არალეგალური გზით. ასევე, არის შემთხვევები როცა დეკლარაციაში ჩანს, რომ გასავალი უფრო მეტია, ვიდრე-შემოსავალი. ეს არალოგიკურია, რა თქმა უნდა, რადგან ან არ უთითებენ შემოსავალს მთლიანად, ან ისეთი არალეგალური შემოსავლები აქვთ, რომ ვერ უთითებენ. აბა, გასავალი უფრო მეტი როგორ უნდა იყოს, როგორ დახარჯავ იმას, რაც არ გაქვს”-განაცხადა ხაბეიშვილმა “მეტრონომთან”.