სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საჯარო სტატუსით სთავაზობს დაკავებული დეკანოზის ოჯახს, უსასყიდლოდ დაიცვას გიორგი მამალაძის ინტერესები და გაასაჯაროოს “ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც ლეგიტიმური საჯარო ინტერესია და რომლის გასაჯაროებაც დეკანოზის ინტერესებშია.” ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ დეკანოზის ადვოკატები თავიანთი დუმილით უხეშად არღვევენ დაკავებულის უფლებებს.
“საკუთარი დუმილით, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები უხეშად არღვევენ მის უფლებებს. რაზეც არ უნდა ქონდეთ ხელი მოწერილი, უკანონოა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.
დეკანოზის ოჯახს მივმართავ – მე ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო (ანუ, მათ შორის, სისხლის სამართლის) სპეციალიზაციით. მზად ვარ უსასყიდლოდ დავიცვა დეკანოზის უფლებები და უკანონო გაფრთხილებების მიუხედავად, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით, გავასაჯაროო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც ლეგიტიმური საჯარო ინტერესია და რომლის გასაჯაროებაც დეკანოზის ინტერესებშია. დამიკავშირდით”, – წერს ნიკა გვარამია.