“რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?” -ასე საუბრობს ვიდეო ჩანაწერში უწმიდესი, რომელსაც ტელეკომპანია “ობიექტივი” ავრცელებს და მინიშნებულია, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ (მეუფე გერასიმე) მიერ გამოქვეყნებულ წინა ჩანაწერში ეს სიტყვები ამოჭრილია და იქ პატრიარქის განცხადების სრული ვერსია არ არის. რა ინფორმაცია აქვს უწმინდეს და რატომ ჰგონია მას, რომ დეკანოზი საუბრობს, როდესაც ის ჯერ კიდევ დუმილის უფლებას იტოვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს 2 დღის წინ გამოეხმაურა. პატრიარქი პირველ კომენტარს ბერლინიდან აკეთებს და აცხადებს, რომ ის იცნობს მამა გიორგის და მასზე კარგის მეტი არაფერი სმენია. უწმინდესი ფიქრობს, რომ დაკავებული დეკანოზის ირგვლივ უცნაური და არანორმალური სიტუაცია შეიქმნა.
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, – განაცხადა ილია მეორემ ჩანაწერში, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ (მეუფე გერასიმე) სოციალური ქსელით გაავრცელა.