საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა მოინახულა.
მეუფე დიმიტრიმ პატრიარქის მონახულების შემდეგ, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მამა გიორგი კარგი და თავდადებული მოძღვარია. ის გამოძიების დასრულებას ელოდება და ფიქრობს, რომ არსებულ კითხვებს პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გაეცემა.
„მამა გიორგის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ვიცნობ, როგორც კარგ და თავდადებულ მოძღვარს. გამოძიების დასრულებას ველოდები“, -განაცხადა მეუფე დემეტრემ.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპაროსკოპიული მეთოდით, ბერლინში ჩაუტარდა.
რაც შეეხება საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი ერთ-ერთი სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა.
პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.