ვითარების აფეთქება სახელისუფლებო ელიტამ მოახდინა, -ამის შესახებ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოდიში უნდა მოიხადოს ხელისუფლებამ, რომ ზედმეტად მოახდინა სიტუაციის დრამატიზება და საზოგადოება დაზაფრა:
“ხელისუფლებამ ააფეთქა სიტუაცია, როცა პრემიერი გამოვიდა და სახელმწიფო განსაცდელს გადარჩაო, განაცხადა. საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, პატრიარქზე იფიქრა. ამგვარი განცხადებებით საპატრიარქოში სიტუაცია ააფეთქეს, რადგან ვიღაც თავდაცვის სიტუაციაში ჩადგა-საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ვიღაცამ მთელი ნაგავი ამოყარა. საზოგადოებაში, სადაც ავტორიტეტები, პიროვნული თუ ინსტიტუციური განადგურებულია, ერთადერთი სანთელივით ენთო საპატრიარქო და მისი შერყევაც დაიწყეს. დღეს დაიწყო პროცესი, როცა ბოლო ავტორიტეტის რყევა დაიწყო. ეს ციანიდი ქართული საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი და მოგვწამლეს კიდეც. ამოცანა შესრულებლია. ვინ დაგეგმა, ვინ არის დირიჟორი, “ნაციონალური მოძრაობა” თუ აქეთა მხარე, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოდიში უნდა მოიხადოს ხელისუფლებამ, რომ ზედმეტად მოახდინა სიტუაციის დრამატიზება და საზოგადოება დაზაფრა. “-განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი მამალაძე, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, ციანიდით მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლას აპირებდა.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა მამალაძის წერილი, სადაც ის ამბობს, რომ საპატრიარქოში ქონების განკარგვა სწორად არ ხდება.
“რუსთავი 2”-ის ეთერშივე, მეუფე პეტრე ცაავამ და მორჩილმა სიდონიამ განაცხადეს, რომ მამალაძის წერილი სიმართლეს ასახავს.
“რესპუბლიკურმა პარტიამ” კი საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვა მოითხოვა.