”ბიბლუსი გალერეაში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ”ბიბლუსი” განცხადებას ავრცელებს:
”15 თებერვალს, ”აუდიტორია 115”-ის აქტივისტები შეიჭრნენ ”ბიბლუსი გალერეაში” და უხეშად ჩაშალეს სამუშაო პროცესი. მათ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ”ბიბლუსი გალერეას” თანამშრომლებს, განახორციელეს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაარღვიეს მომხმარებელთა უფლებები.
”ბიბლუსი” კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ შეეგუება ძალისმიერ და უკანონო ქმედებებს მის წინააღმდეგ ნებისმიერი, მართული თუ არამართული ძალებისა და ორგანიზაციების მხრიდან. ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ერთი კვირის წინ პროვოცირებული კამპანია თავიდანვე აგებული იყო ცრუ ბრალდებებსა და ცილისწამებაზე. ”ბიბლუსი” ყველა კანონიერი გზით დაიცავს მისი თანამშრომლებისა და კომპანიის ინტერესებს და არ დაუშვებს სახელისა და რეპუტაციის შემლახავ ქმედებებს.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, ღირსეული ანაზღაურება და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო და არის ”ბიბლუსის” ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის მრავალწლიანი და დინამიური განვითარება.
ამასთან, თანამშრომლების მხრიდან, რომელ პოზიციაზეც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეშ დარღვევას, კოლეგების მიმართ უპატივცემულოდ მოპყრობას და კომპანიის რესურსების არამართლზომიერად გამოყენებას ”ბიბლუსის” მხრიდან ყოველთვის მოჰყვება სათანადო სამართლებრივი რეაგირება. სწორედ ზემოხსენებული პრინციპების დარღვევა გახდა ”ბიბლუსიდან” რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი”- ნათქვამია „ბიბლუსის“ განხადებაში.
რაც შეეხება „აუდიტორია 115-ს”, მისი წევრები აცხადებენ, რომ “ბიბლუსმა” სამსახურიდან გაათავისუფლა ის 2 თანამშრომელი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო-მიმართვა და მათი სამუშაო პირობები საჯაროდ გააპროტესტეს. სწორედ ამიტომ, სტუდენტებმა “ბიბლუსის” გადაწყვეტილება კომპანიის მაღაზიაში გააპროტესტეს. შედეგად, “ბიბლუსის” ხელმძღვანელობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მოგვიანებით, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აუდიტორია 115” “ბიბლუსში” შეიჭრა. ამ ინფორმაციის საპასუხოდ, “აუდიტორია 115-მა” განცხადება გაავრცელა:
“საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, „აუდიტორია 115-ის“ წევრები ბიბლუსში შეიჭრნენ.
როგორც იცით, ეს სააგენტო და “ბიბლუსი” ერთი ჰოლდინგის წევრები არიან. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს არ ამართლებს დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “აუდიტორია 115” შრომითი უფლებების დასაცავად პერმანენტულ აქციებს აწყობს.