„უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს“, – ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
იგი დარწმუნებულია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ასეთივე უსაფრთხოების ზომებს მისი ოჯახის მიმართაც გამოიყენებენ, თუ ამის საჭიროება იქნება .
რაც შეეხება დეკანოზის კურთხევას, რომ ისაუბროს საქმის დეტალებზე, მეუფემ აღნიშნ,ა რომ ეს საკითხი კურთხევით არ წყდება, მნიშვნელოვანია აღსარების საიდუმლოების მომენტი.
“არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. დანარჩენი უკვე არის მისი სინდისი და მისი ღმერთთან ურთიერთობა. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
დაკავებული დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.