“აუდიტორია 115” აცხადებს, რომ “ბიბლუსმა” სამსახურიდან გაათავისუფლა ის 2 თანამშრომელი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო-მიმართვა და მათი სამუშაო პირობები საჯაროდ გააპროტესტეს. სწორედ ამიტომ, სტუდენტებმა “ბიბლუსის” გადაწყვეტილება კომპანიის მაღაზიაში გააპროტესტეს. შედეგად, “ბიბლუსის” ხელმძღვანელობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მოგვიანებით, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აუდიტორია 115” “ბიბლუსში” შეიჭრა. ამ ინფორმაციის საპასუხოდ, “აუდიტორია 115” განცხადებას ავრცელებს:
“საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, აუდიტორია 115-ის წევრები ბიბლუსში შეიჭრნენ.
როგორც იცით, ეს სააგენტო და “ბიბლუსი” ერთი ჰოლდინგის წევრები არიან. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს არ ამართლებს დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “აუდიტორია 115” შრომითი უფლებების დასაცავად პერმანენტულ აქციებს აწყობს.