დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ადასტურებს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მიაწოდა. ნანუაშვილის განცხადებით, მამალაძემ განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ხელჩანთაში ციანიდი ვერ აღმოუჩინეს. მისი თქმით, უამრავი კითხვის ნიშანია და აუცილებელია აღნიშნული საქმის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა საქმის ირგვლივ რაიმე ეჭვები არ გაჩნდეს.
„საქმის ირგვლივ უამრავი კითხვები არსებობს. მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ მას დაკავებისას საწამლავი ციანიდი არ ჰქონია. დაცვის მხარეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ კონკრეტული ბრალდებული დაიცვას. მათ ეს უფლება წართმეული აქვთ.
ბრალდების მხარეს სრული უფლება აქვს, რომ საქმის დეტალებზე ისაუბროს და დაცვის მხარეს რაღაცის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს სერიოზული დარღვევაა და ვფიქრობ, ეს დარღვევა ძალიან მალე გამოსწორდება. იმედი მაქვს, დანარჩენ კითხვის ნიშნებსაც მალე პასუხი გაეცემა.
ძალიან ბევრი მიმართულებით არის კითხვის ნიშნები, როგორც პროცედურულ, ასევე იმ დეტალებზე, რომელიც საქმეშია და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს ამ საქმის გამოძიებას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.