ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ხვალ თუ რამე მომივა, ეს იქნება “რუსთავი 2-ის” დანაშაული“: გიორგი მამალაძის საქმის ბრალდების მოწმე

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ბრალდების მოწმე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მას არავინ ჩაუწერია, ის არის ერთ-ერთი მოწმე.

მამალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ჟურნალისტური საქმიანობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და აბობს, რომ ამ წუთებშიც სახელმწფო დაცვა იცავს.

“არაფერი, არავინ ჩამიწერია მე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში. რას ნიშნავს ჩავწერე? როგორ უნდა ჩამეწერა და რა უნდა გამეკეთებინა? მე გაუხმაურებლობაზე მაქვს ხელი მოწერილი და ბევრ კომენტარს ვერ გააკეთებ. რუსთავი 2-ის ჟუნალისტი, ნოდარ მელაძე რამდენიმე დღე “ვოთსაფის” მეშვეობით მიკავშირდებოდა, მე მას ვუთხარი, რომ მოწმე ვარ და დღეს გამოვიდნენ და პირდაპირ თქვეს. თუ მათ ღიად დაკავშირება სურდათ, მაშინ ჩამწერდნენ. ეს არის წყაროს გათქმა, ეს არის ჟურნალსიტური საქმიანობის უხეში დარღვევა. როცა, მე ამ წუთებშიც მიცავს სახელმწიფო დაცვა, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამომაცხადეს პირდაპირ ეთერში და ხვალ თუ რამე მომივა, ეს იქნება “რუსთავი 2″-ის დამსახურება და დანაშაული.”

ირაკლი მამალაძე „ნეტგაზეთთან“ იმასაც ამბოს, რომ საქმე რომ ძალიან მყარი არ ყოფილიყო, ის მონაწილეობას არ მიიღებდა:

„საქმე არის ძალიან მყარი და ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება საკუთარი კომენტარების, რომელსაც ამ ხნის მანძილზე წერდნენ ისე, რომ გამოძიების დასრულებას არ დაელოდნენ. არ დაელოდნენ იმას, რომ დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. მძიმე საქმის მთავარი მოწმის სახელი და გვარი ღიად გამოაცხადეს. ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. საქმე არის ძალიან გამართული, მე ისე მონაწილეობას არ მივიღებდი.  მე არ ვამბობ, რომ ფარული ჩანაწერი არ არსებობს. ვერ გეტყვით ვერაფერს გამოძიებასთან დაკავშირებით. როცა საქმე დაშიფრულია,  საიდან იცოდნენ, რომ ირაკლი მამალაძემ ჩაწერა? სად ფიქსირდება ირაკლი მამალაძე საქმეში, მაშინ თქვას ადვოკატმა”- განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ „რუსთავი 2“- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად  ჩაწერა.  ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

ცნობისთვის,  მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იტვირთბა....