ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ჩემი შვილი გაწირეს“: მამა გიორგი მამალაძის დედა ვრცელ კომენტარს აკეთებს

მამა გიორგი მამალაძის დედა ქეთევან მაღლაკელიძე, შვილის დაკავების შემდეგ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მისი თქმით, დეკანოზს პატრიარქი იმდენად უყვარდა, რომ მისი გულისთვის შეეძლო თავისი სიცოცხლეც კი გაეწირა. ის ვარაუდობს, რომ მისი შვილი  გაწირეს, თუმცა ჯერ-ჯერობით სინამდვილეში რა მოხდა ინფორმაციას არ ფლობს.

დეკანოზის დედის განცხადებით, პოლიციას მათი სახლი არ გაუჩხრიკავს. ხოლო რაც შეეხება ოჯახის უსაფრთხოებას, მისთვის უცნობია რას გულისხმობს მამა გიორგი მამალაძე, როდესაც ობუდსმენს ოჯახის უსაფრთხოების დაცვა სთხოვა.

„ჩემი შვილი უდანაშაულოა და წარმოდგენა არ მაქვს ვის სურდა მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა. ის სახლში სამსახურის შესახებ არასდროს საუბრობდა.

ვინც მას იცნობს, ყველამ კარგად იცის პატრიარქი როგორ უყვარდა. მის დასაცავად სიცოცხლესაც გაწირავდა. ვის ჯერა ამ სიბინძურის?

არ ვიცი ჩვენს უსაფრთხოებაზე რატომ ნერვიულობს, როგორც ჩანს ამის საბაბი აქვს. აქამდე ოჯახს რაიმე საფრთხე არ დაგვმუქრებია“,-ამბობს დეკანოზის დედა.

შეგახსენებთ, რომ  მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც  საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ  სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

იტვირთბა....