ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქოს “რუხი კარდინალი”: ბრალდებები შორენა თეთრუაშვილის მიმართ

მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში პროკურატურის მიერ გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა და შესაბამის უწყებებს სთხოვა გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა.
”მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა, რომ ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს. მაღალ პროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართული, რადგან გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლოებაში, საზოგადოებაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა, თუ სხვადასხვა ფაქტებისა. ასევე, ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხები, არსებული არასახარბიელო კორუფციულ მდგომარეობას, რომელიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დასახელებულ  პრობლემას უკავშირდება და პიროვნებას, ე.წ. რუხი კარდინალის და ჩრდილოვანი მმართველობის სახით.”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე დაინიშნებოდა.

”რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება სასჯელაღრულების უწყების მიმართ და იმედია, ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცედ საუბარს”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
”რაც ჩემი თავი მახსოვს, საპატრიარქოს, კერძოდ ამ არაჯანსაღ მმართველობასთან სიახლოვეში, წლების მანძილზე ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია, შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება, რომ არაერთგზის უცდიათ და ჰქონდა მცდელობა მისი მოწამვლისა. ეს თემა არსებულმა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. კარგი იქნება თუ პროკურატურა ძირფესვიანად დაინტერესდება, როგორ აღმოჩნდა 1981 წელს, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა საპატრიარქოში, და როგორ მოიპოვა ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ როდესაც დღემდე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა არ არის გამოძიებული და რომლის დამხობაში ლომის წილი მიუძღვით იმ ძალებს, რომელთა წარმომადგენელიც არის საპატრიარქოს „რუხი კარდინალი”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

იტვირთბა....