პატიმრებისთვის რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათის სახით გაგზავნა აღარ იქნება შესაძლებელი. მათ აღნიშნული ტექნიკის შეძენა საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მოუწევთ. ამას ”პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა და რომლის ავტორიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.
”პატიმრობის კოდექსის” არსებული რეგულაციის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული პირისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რადიოტრანსლაციის მოსმენის და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. მას შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, რომელიც შეუძლია შეიძინოს საკუთრი ხარჯით ან მიიღოს ამანათით.
როგორც ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, ”პრობლემური იყო ტელევიზორისა და რადიომიმღების სრულფასოვნად შემოწმება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, არ დაზიანებულიყო ტექნიკა და მეორეს მხრივ, აღკვეთილიყო დაწესებულებაში კანონით აკრძალული, არანებადართული ნივთის მოხვედრა”. სამინისტროს განცხადებით, არსებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ტელევიზორი და რადიომიმღები გამოყენებული ყოფილა აკრძალული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის საშუალებად.
პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ენიჭებათ უფლება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე არ ირღვევა. გარდა ამისა, პატიმრობის დაწესებულებაში, ასევე განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორის და რადიომიმღების შეძენის შესაძლებლობა.
პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტით რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენა პატიმარს საკუთარი ხარჯით, მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეეძლება.
როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მაღაზია პასუხისმგებელია მიმწოდებლისგან ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის აღნიშნული ტექნიკის შეფუთულ მდგომარეობაში მიწოდებაზე. ამასთან, მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია, მაღაზიაში პროდუქციის გასაყიდი ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა.