იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს დამფუძნებლები, გერმანელი იურგენ მოსაკი და მისი პანამელი პარტნიორი, რამონ ფონსეკა დააკავეს. მათ ბრალად ფულის გათეთრება, თაღლითობა და რამდენიმემილიონიანი ქრთამის გაცემა წაუყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი ვადაზე ადრე აიყვანეს, რადგან მათ მიერ ქვეყნის დატოვების საფრთხე არსებობდა.
პანამის გენერალური პროკურორის, კენია პორსელის, განმარტებით, მიღებული ცნობები ცხადჰყოფს, რომ პანამური ფირმა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც აქტივებისა და საეჭვო წარმომავლობის ფულის დამალვით არის დაკავებული. პორსელმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ფირმის დამფუძნებლების დაკავებით დასრულდა, ბრაზილიის, პერუს, ეკვადორის, კოლუმბიის, აშშ-სა და შვეიცარიის პროკურორები უძღვებოდნენ.
პროკურატურამ ჩხრეკა ჯერ კომპანიის ოფისში შემდეგ კი დამფუძნებლების სახლში ჩაატარა. მოსაკისა და ფონსეკას ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდება საკმაოდ სუსტია და მათ წინააღმდეგ შეგროვებულ მტკიცებულებებს გაასაჩივრებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამფუძნებლებთან ერთად დაკავებულია კომპანიის ერთ-ერთი იურისტი, კიდევ ერთ პირზე დაკავების ორდერია გაცემული, თუმცა ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
კომპანია Mossack Fonseca-მ პირველად „პანამური დოკუმენტების“ კონტექსტში გაიჟღერა, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა 2016 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. საუბარია 2,6 ტერაბაიტის მოცულობის დოკუმენტაციაზე, რომელიც მსოფლიოში ოფშორების რეგისტრაციის ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის Mossack Fonseca-ს სერვერიდან იყო აღებული და შეიცავდა ინფორმაციას მრავალი ოფშორული კომპანიის შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ. დოკუმენტაციის გამოქვეყნებისას უმეტეს ქვეყანაში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა.