ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“ერთადერთი არხი, სადაც ჩვენი უფლებების დაცვა შეგვიძლია”: “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დასაცავად აქცია ჩატარდა

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ მიმდინარე აქცია, რომელშიც  მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, “აუდიტორია 115”-ის სტუდენტები და რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები იღებდნენ, დასრულდა. მათი მოთხოვნა ძალაში რჩება-ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის იდეა, მაუწყებელზე გადაცემები ერთი წლით შეჩერდეს, ბორდმა არ მიიღოს.

როგორც “მეორე არხის” გენერალურმა დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნდობის ჯგუფის წევრმა, დოდო შონავამ “მეტრონომს” განუცხადა, აქციის მონაწილეები იდეამ გააერთიანა:

“აქციაზე შეკრებილები ჩვენ არ გვიცავენ, იცავენ იდეას. იდეა არის “საზოგადოებრივი მაუწყებელი”. ეს არის ევროპული იდეა. ამ იდეის გარშემო იქმნება სამოქალაქო საზოგადოება. თუ თუნდაც ერთი წლით შეჩერდა მაუწყებლობა, ეს მხოლოდ ჩვენთვის ეთერის დახურვა არ იქნება, ეს ნიშნავს ეთერის დახურვას სამოქალაქო სექტორისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის… ეს ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ვიზალიბერალიზაცია რომ გვიხარია, მაუწყებელს აქვს წვლილი შეტანილი მის მიღებაში. მე აქციების მომხრე არ ვარ, თუმცა იდეის მომხრე ყოველთვის ვიქნები. აქ მაუწყებლის იდეის მხარდაჭერისთვის მოსულებს, ყოველთვის შევეგებები მასპინძლად”-განაცხადა შონავამ “მეტრონომთან”.

მაუწყებლის ერთი წლით შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება,-ამის შესახებ “მეტრონომს” საიას იურისტმა, ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა:

“აქ მოსული ვარ როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ყველასთვის ცნობილია,  ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” შესაძლოა შეჩერდეს გადაცემები ერთი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს. აქ ჩემ მოსვლას აქვს ის მიზანი, რომ იმ პირებმა, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, დაინახონ ხალის ხმა”-აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არჩევანია დემოკრატიული განვითარებისთვის:

“ეს აქცია არ არის, ეს არის მაყურებლის სურვილის გამოხატულება იმასთან დაკავშირებით, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” -ეს ტელევიზია არ არის;  ეს არის ჩვენი არჩევანი, სურვილი, რომ ვიყოთ დემოკრატიული განვითარების პროცესში.  ამიტომ, ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თქვენისთანა კარგი ახალგაზრდები არ მოვლენ ქვეყნის სათავეში. “-განაცხადა ზაუტაშვილმა “მეტრონომთან”.

როგორც მოძრაობა “მწვანე მუშტის” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ “მეტრონომთან” განმარტა, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ერთადერთი პლატფორმაა, საიდანაც ხალხის ხმა ისმის:

“რეიტინგი, რომელზეც ჩვენ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმართებაში ვსაუბრობთ, რომ უნდა ჰქონდეს, ეს არ არის მაუწყებლის რეალური მოცემულობა.  “საზოგადოებრივი მაუწყებელი” უნდა იყოს სოციალური კეთილდღეობისა და ცვლილებებისკენ  მიმართული. იმედი გვაქვს ამ ყველაფერს გაითვალსწინებენ. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პლატფორმა ერთადერთი სივრცეა, სადაც შეგვიძლია ჩვენი უფლებები დავიცვათ, ოპონირებაში შევიდეთ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე -ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია”-განაცხადა კუპრაძემ “მეტრონომთან”.

აქციაზე “აუდიტორია 115”-ის სტუდენტები “საზოგადოებრივ მაუწყებელის” შენობაშიც შეიჭრნენ და ხუთ წუთიანი პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. “აუდიტორია 115”-ის მოთხოვნა არხის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. სტუდენტებმა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში წაიკითხეს მიმართვა, რომელიც მაყურებლისთვის მოამზადეს:

“ჩვენ შემოვედით “საზოგადოებრივ მაუწყებელში” და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართოდ დისკუსიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ მოვუწოდებთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. მაუწყებლის თანამშრომელებს თავინათი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველაზე ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო ბრძოლაში. დღევანდელ საქართველოში ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენის ინტერესი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს ქვეყანაში დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა. ამ მომენტშიც, დაანონსებულია რკინიგზის რეორგანიზაცია. სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან “ბიბლუსში” დასაქმებული ახალგაზრდები; სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად, “ფრესკოში” დასაქმებულები; ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში მშრომელთა კაბალურ ექსპლუატაციას ეწევიან. სახელისუფლებო სტრუქტურები ემორჩილებიან ბიზნესს და არა-ხალხს. სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთავზე გადის, სადაც 350 მუშა გათავისუფლებულია. მათი ოჯახები უსახლკარობისა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო იცავს ბანკების ინტერესებს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს. ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი გზაა. ჩვენ მოვითხოვთ მთვარობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი და უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება: მობილიზდით სამუშაო ადგილებზე, უბნებში, სამზარეულოებში, შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და გააკეთეთ არჩევანი- ვის მხარეს ხართ თქვენ, მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების. ხვალ, 17:00 საათზე ვიწყებთ მსვლელობას, “საქართველოს ბანკის” ოფისიდან. შემოგვიერთდით: ვის მხარეს ხართ თქვენ!”- ნათქვამია “აუდიტორია 115”-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არხის ახალმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა 6 თებერვალს წარადგინა. სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა დროებით, 2018 წლამდე შეჩერდება.

ნინი ცხადაია

64325

 

იტვირთბა....