ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გააკონტროლებს. ამის შესახებ პარლამენტში სამსჯელოდ წამოყენებულ კანონპროექტშია (30-ე მუხლი) აღნიშნული. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარადგენს სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას, ასევე, სუს-ის უფროსი ნიშნავს სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. ამავდროულად, სუს-ის უფროსი ამტკიცებს სააგენტოს დებულებას, განსაზღვრავს მის ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას.
სააგენტოს კი ეკისრება: – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარულ აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
საკანონმდებლო პაკეტი განსახილველად პარლამენტში 6 თებერვალს წარადგინეს. პროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.