გაჩნდა ახალი იდეა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შეიქმნას გულისხმობს. კანონპროექტი პარლამენტშია უკვე ინიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება გათვალისწინებული იქნება დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულებისთვის, რომელთა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის დარჩენილი ვადა არ აღემატება 6 თვეს.
აღნიშნული დაწესებულება იქნება დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
მნიშვნელოვანია, რომ ახალ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, დებარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია უფლება მიეცეს დროებით დატოვოს დაწესებულება, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობებით.
ამ დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს, ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე-ღამეს.
ცვლილების თანახმად, თუ მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დატოვებს გათვისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას და არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრულ დროს, მას ეს ჩაეთვლება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდებად, გარდა კანონით განსაზღვრული საპატიო საფუძვლის არსებობისა. სასჯელის მოხდისთვის თავის არიდება კი, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება თვისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
“პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე წელია (10-15 წელი) თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება. ასეთი პატიმრებისთვის ძალიან რთულია გათვისუფლების შემდეგ გარე სამყაროსთან ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ხშირად, მათთვის სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე სერვისებით სარგებლობაც კი, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, საბანკო გადარიცხვები და სხვა. გათვისუფლებულ მსჯავრდებულთა უმეტესობა მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, არ აქვს საცხოვრებელი სახლი და სამსახური. აღნიშნული ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკაში ისეთ შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი, როცა გათვისუფლებულმა მსჯავრდებულმა სპეციალურად ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან არ ჰქონდა საცხოვრებელი და დამოუკიდებლად რჩენის შესაძლებლობა.
არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს მოამზადებს გათვისუფლებისთვის, საშუალებას მისცემს სრულ გათვისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები ძალაში შევა 2017 წლის 1 მაისიდან.