“რესპუბლიკური პარტიის” წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის შეთავაზება გადაცემების შეჩერებაზე კანონის დარღვევაა.
როგორც კორძაია სოციალურ ქსელში წერს, თუ ამას სამეურვეო საბჭო მხარს დაუჭერს კანონს ისიც დაარღვევს.
“გენერალური დირექტორის შემოთავაზება გადაცემების შეჩერების შესახებ არც მეტი არც ნაკლები კანონის დარღვევაა, და თუ ამას მხარს სამეურვეო საბჭო დაუჭერს ისიც კანონს დაარღვევს. გარდა ამისა, პროგრამული პრიორიტებების შესრულება ვერ მოხდება და ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს… მოკლედ დიდი ჯაჭვი იქნება დარღვევების და ვალდებულებების შეუსრულებლობის…” – წერს თამარ კორძაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არხის განვითარების გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, არხზე საჭიროა რეფორმები, რის გამოც საინფორმაციო გამოშვების გარდა 2018 წლამდე ყველა გადაცემა უნდა შეჩერდეს. მაღლაფერიძემ მაუწყებლის განვითარების სამწლიანი გეგმა წარმოადგინა.