ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დავით ნარმანია ნატა ნაზღაიძის ძმაზე გაცემულ კომპენსაციას განმარტავს

 

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის კომპენსაციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

დავით ნარმანიას თქმით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

”ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თბილისის მერიამ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ყველა მესაკუთრეს მისცა შესაბამისი კომპენსაცია. ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა ტერიტორიის ჩანაცვლებები. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რათა მესაკუთრეს ტერიტორია ნაწილობრივ ჩანაცვლებოდა და სხვაობა, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით ყოფილიყო დაფარული. წესს ჰქვია ასეთი სახელი, თორემ ეს არ ყოფილა გადაუდებელი აუცილებლობა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის გამავლობაში ვიხილავდით ამ საქმეს და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ ასევე კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის მიერ პროკურატურაში ამ საქმეზე საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით.

”მეც ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ირაკლი აბესაძესთან, როდესაც ის იყო თბილისის მერის მოადგილე, ან მანამდე ქალაქის იურიდიული სამსახურის უფროსი. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს აბესაძეზეც გადაგზავნილი. არ მაინტერესებს, აბესაძე რას მიიჩნევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

იტვირთბა....