„მაუწყებელს აქვს სერიოზული პრობლემები, არის კრიზისში. ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება სერიოზული ფინანსები. ჩვენ წარმოვადგინეთ შეფასება და ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც არსებული ფინანსური სიტუაციიდან გამოთავისუფლებაა. ამავე დროს, სიამოვნებით მოვუსმენთ სხვა ვარიანტებს. ჯერ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განუცხადა, სადაც მან ჯგუფთან ერთად მაუწყებლის 2017-2019 წლის სამუშაო გეგმა წარმოადგინა.
„მეტრონომის“ კითხვაზე, როგორ გაგრძელდება მუშაობა ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სანამ ბორდი არ დაამტკიცებს აღნიშნულ გეგმას, მუშაობა გაგრძელდება ჩვეულებრივად.
რაც შეეხება მის განცხადებას, რომ 10 წლის განმავლობაში მაუწყებელში დახარჯულია 410 მილიონი ლარი, ამ მიმართულებით მუშაობენ და მისი თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ აუდიტი უკვე შესულია.
მაღლაფერიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფინანსები გამოიძებნა, მაუწყებელი აუცილებლად სხვა შენობაში უნდა გადავიდეს. როგორც გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მათ შენობა უკვე შერჩეული აქვთ.
როგორც ჟურნალისტებთან ია ანთაძემ განაცხადა, მათი ხედვა ემსახურება იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჭაობიდან ამოვიდეს.
„ვზოგავთ თანხებს, ერთადერთი გზა ამ თანხების დაზოგვის არის ის ჩვენი ხედვა, რაც შევთავაზეთ ბორდს. შეიძლება არ იყოს საჭირო ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩვენ გვეჩვენება, იმისთვის, რომ 3 წელიწადში ჩვენ მივიღოთ სრულიად სხვანაირი მაუწყებელი. შესაძლებელია საბჭომ დაინახოს სხვა გზები გამოსავლის, შესაძლებელია საზოგადოებამ შესთავაზოს მას რაღაც კომპრომისული ვარიანტები და უფრო მეტად მისაღები იყოს, ოღონდ უნდა ვნახოთ ეს კომპრომისული ვარიანტები დროში და ფინანსებთან როგორ არის გაწერილი. ჩვენი გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ლიდერი, ინოვაციური ტელევიზია ახალი შენობით, ახალი რეგიონული ოფისებით, არქივებით, რომელიც იქნება კომპიტერში და არა კოლოფებში ჩალაგებული.
ჩვენი ხედვით, ყველაფერს აქვს თავისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯებს მიღმა. ჩვენ ნორმებს ზედმიწევნით დავიცავთ და ეს არის ჩვენი ინტერესი. ამაზე ლაპარაკი იქნება, მხოლოდ იმ ჩარჩოში, რომელსაც დაამტკიცებს ბორდი“- განუცხადა ჟურნალისტებს ია ანთაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა 2017-2019 წლის მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.