ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინული Радио Вести-ის ეთერში უკრაინის პერსპექტივაზე და დონალდ ტრამპზე ისაუბრა:
“ოდესა ძალიან ჰგავს საქართველოს. ზუსტად ისეთია, როგორიც ქუთაისი ან თბილისი. შეცვლა შეიძლება. მე ხომ ვაჩვენე საქართველოში იმის მაგალითი, რომ შეცვლა შესაძლებელია. მაგრამ ოდესაში მთავარი მაფიოზური კავშირები ოდესური არ არის, არამედ კიევურია. კონტრაბანდული ნაკადების მფარველობა და ჩრდილოვანი სქემები – ყველაფერი კიევიდან მოდის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, სააკაშვილის თქმით, ის მას ყოველთვის ნიჭიერ ადამიანად მიაჩნდა:
“როდესაც ტრამპი ჩვენთან ჩამოდიოდა, მე მასთან ერთად ხშირად მივლია პრესკონფერენციებზე და ოფიციალურ ღონისძიებებზე, ისიც მპატიჟებდა არაფორმალურ ღონისძიებებზე, თეატრებში. ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომლებთანაც მე ასევე ვმეგობრობდი, მეუბნებოდნენ. “რად გინდა ტრამპი? ხომ ხვდები, რომ ტრამპს აქ სერიოზულად არავინ აღიქვამს. ის უცნაური ტიპაჟია. რად გინდა მასთან ურთიერთობა? შენი რეპუტაციისთვის ეს ცუდია”. ჩემთვის კი სულერთი იყო. ტრამპი ყოველთვის ძალიან ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნდა. თავადაც დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა, მასთან ამაზე არაერთხელ მისაუბრია. როდესაც სხვებს ვეუბნებოდი, რომ ის სერიოზულად უნდა აღექვათ, ამას სააკაშვილის მორიგ სიგიჟედ თვლიდნენ. და ვინ არის ახლა გიჟი?” – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.