უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, ინფორმაციას უწყება ავრცელებს:
”საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილი და გამოკვლეული იქნება ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც პორტალის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, საყვარელიძე აღნიშნულ მოსამართლეებს ახსენებს და განმარტავს, რომ მათ ”ამანათები გაეგზავნათ”.