დღეს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებული პირების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სოზარ სუბარის ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა დევნილთა დახმარების სისტემაში ცვლილება შევიდეს.
იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 45-ლარიან დახმარებას ვეღარ მიიღებენ, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
დღევანდელი შეკრების ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. საპარლამენტო უმცირესობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის პარლამენტში მისვლას ითხოვდნენ.
დევნილები კი ამბობდნენ, რომ დღეს სამინისტროსთან შეკრებას და საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ. მინისტრმა სოზარ სუბარიმ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში საპასუხოდ განაცხადა, რომ არავის ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, თუგინდ ეს საპროტესტო აქციების ხარჯზე მოხდეს.