ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის“

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის.

„უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს პასპორტის მქონე პირებისთვის,”-აცხადებს ციხელაშვილი და განმარტავს, რომ ხელისუფლების ამოცანაა  საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთეს, რაც აქვს წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს“ – ამის შესახებ კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, მათ მიმართ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილები და ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთეს, რაც აქვს წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს და რა სიკეთეებიც მოაქვს ევროპასთან ინტეგრაციას – აქ არის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.

იტვირთბა....