ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არცერთ წმინდა წიგნში არ წერია, რომ ტრანზიტის საფასური მაინცდამაინც ნატურით უნდა გადაიხადო”

“გაზპრომ-ექსპორტსა” და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აფასებს. მისი განცხადებით, რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ანაზღაურების ფორმის შეცვლას (ნატურიდან მონეტიზაციაზე გადასვლა) ქართულმა მედიამ ზედმეტი ზედმეტი ყურადღება დაუთმო. აბაშიძის პოზიციას businesscontract-ი აქვეყნებს.

“ვფიქრობ, რომ ეს მედიაში გაბუქებული თემაა. აქამდე ჩვენ ტრანზიტის საფასურს გაზით გვიხდიდნენ, ახლა თანხით გადაგვიხდიან და პირიქით რომ ყოფილიყო – თანხით ანაზღაურების ფორმიდან ნატურით გადახდაზე რომ შევთანხმებულიყავით ნატურით, იგივე ხმაური იქნებოდა – ქვეყანა დაინგრა, რეჟიმი შეიცვალა და ა.შ”, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ “არცერთ წმინდა წიგნში არ წერია, რომ ტრანზიტის საფასური მაინცდამაინც ნატურით უნდა გადაიხადო”.

“ეს არის საერთაშორისო სტანდარტი – თანხით ხდება სატრანზიტო მომსახურების ფასის გადახდა და არა ნატურით, როგორც ეს 90-იან წლებში ხდებოდა”, – აღნიშნა აბაშიძემ.

რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, აბაშიძე მიიჩნევს, რომ „გაზპრომ-ექსპორტთან“ შეთანხმების ამ მიმართულებით განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

“მე ამაში უფრო ეკონომიკურ ასპექტს ვხედავ, ვიდრე წმინდა პოლიტიკურს. როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, ალბათ იგივე მოცულობის გაზს ვერ შევიძენთ, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მხარეს მეტი არგუმენტები აქვს – ის, რომ საერთაშორისო სტანდარტი ასეთია”, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 იანვარს, მინსკში, ენერგეტიკის მინისტრსა და “გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმებული ახალი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო მომსახურების სანაცვლოდ, წელს ნაწილობრივ გაზს, ნაწილობრივ – ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2018 წლიდან კი მხარეები ე.წ მონეტიზაციის ფორმატზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....