მძღოლების ნაწილს, რომელთაც 2016 წლის 10 დეკემბერს მთავრობის ინიციატივას აქციზისა და ავტომობილების იმპორტზე გადასახადების მატებასთან დაკავშირებით, ასობით მძღოლისა და მანქანის საპროტესტო ორგანიზებით გამოეხმაურნენ, შსს-მ მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით ჩამოართვა. „მეტრონომს“ უწყების პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ სამმა მოქალაქემ აქციის მსვლელობის დროს უკანონოდ გადაკეტა რუსთაველის გამზირი:
„2016 წლის 10 დეკემბერს სამმა მოქალაქემ – საბა მ.-მ, მერაბ ს.-მ და ვახტანგ ხ.-მ თბილისში, ერთ-ერთი აქციის მსვლელობის დროს, ავტომანქანებით ჯგუფურად, უკანონოდ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, მთლიანად დაიკავეს გზის სავალი ნაწილი, შეაფერხეს მოძრაობა და არ მისცეს სხვა მძღოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რა დროსაც ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც აქციის დროს ადგილზე წესრიგს იცავდნენ და სამივე მძღოლს, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა. ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში, დამრღვევ პირთა მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 6-პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების მიზნით, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.“. – განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.
აღნიშნულის შესახებ “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართა. როგორც მან სპეციალურად „მეტრონომს“ განუცხადა, ამით მოძრაობამ პროტესტი გამოთქვა მთავრობის მიმართ, რომელიც არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს და ამავდროულად, საპროტესტო აქციების მოწყობასაც ხელს უშლის:
„აქციზისა და ავტომობილების იმპორტზე გადასახადების მატებასთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც აღმაშენებლის ხეივნიდან რუსთაველის გამზირამდე ავტომობილებით მოძრაობას გულისხმობდა. ამ აქციიდან 40 დღის შემდეგ, იმის შიშით რომ კიდევ მოაწყობდნენ საპროტესტო აქციებს, მძღოლებს ერთი წლით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ის ხომ პრობლემაა, რომ აქციზი გაზარდეს და ადამიანები შემოსავლის გარეშე დატოვეს, ახლა პრობლემა გახდა უბრალოდ ხმის ამოღება მთავრობის წინააღმდეგ. ამის შესახებ გამოვთქვით პროტესტი.
„მეტრონომი“: შსს–ს აცხადებს რომ მძღოლებმა კანონი დაარღვიეს და ამიტომ ჩამოერთვათ მართვის მოწმობები.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ამ არგუმენტს მივიღებდით, ეს რომ იმავე დღეს გაეკეთებინათ, მაგრამ ამას მაშინ რომ აკეთებენ, როცა იგებენ რომ კიდევ იგეგმება ანალოგიური მსვლელობა და არ უნდათ, რომ მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ვინმემ პროტესტი გამოთქვას, ეს ამ ხალხის დაშინებას გულისხმობს“. -განუცხადა ჭიაბერაშვილმა „მეტრონომს“.
არის თუ არა აქციზისა და ავტომობილების იმპორტზე გადასახადების ზრდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისგან ქალაქის განტვირთვისთვის მიღებული პრევენციული ზომა და რამდენად ადექვატური იყო შსს-ს გადაწყვეტილება მძღოლთა ნაწილის მიმართ, ამის შესახებ „მეტრონომს“ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, საკრებულოს დეპუტატი, ექსპერტი შალვა ოგბაიძე ესაუბრა:
„ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი ყოველწლიურად 8-9 პროცენტით იზრდება და თითქმის მილიონ სამასი ათას მიაღწია. ნულოვანი გარბენით ქვეყანაში ავტომობილების სულ 8 პროცენტი შემოდის, დანარჩენი- მეორადია. ყოველწლიურად, 80 ათასი შემოსული ავტომობილიდან, ნახევარზე მეტი მარჯვენასაჭიანია. შერეული პარკი კი ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. სიტუაციას ამძიმებს რამდენიმე ფაქტორიც: მძღოლი, რომელმაც ახლა აიღო მართვის მოწმობა და პრაქტიკა არ აქვს და ამავდროულად, მართვა ისწავლა მარცხენასაჭიან ავტომობილზე და დაჯდა მარჯვენასაჭიანზე. ამგვარი მძღოლის სიარული არის კატასტროფა. ხშირ შემთხვევაში, რუსთავიდან თბილისში დამოუკიდებლად ჩამოსვლასაც ვერ ახერხებენ. ეს მხოლოდ მარჯვენასაჭიანს არ ეხება, მაგრამ ისინი განსაკუთრებით ამძიმებენ სიტუაციას. ამ თემაზე საზოგადოებრივი აზრიც იყო შესწავლილი და ძალიან დიდი ნაწილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საერთოდ აკრძალვის მომხრე იყო. მე ვიყავი მომხრე, რომ მარჯვენა საჭით ტაქსაობა აკრძალულიყო და ასევე, ამ ტიპის ავტომობილებზე საჭის გადატანა შემწყდარიყო, რადგან ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ინსტიტუცია, რომელიც საჭეგადატანილი ავტომობილის კონსტრუქციულ ცვლილებებს დაადასტურებს. აქციზის შემოღებით კი დარჩა ნიშა იმ ადამიანებისთვის, (მომხმარებლისთვის), ვისაც სპორტული ავტომობილები აინტერესებთ. მაგრამ ბიზნესისთვის, (იმპორტიორებისთვის), მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება და ფასი დაუახლოვდა ერთმანეთს. შესაბამისად, მათ მოუწევთ დაფიქრება, მარჯვენასაჭიანი აიღონ თუ იმავე ფასში- ევროპული, მარცხენასაჭიანი. ორ არჩევანს შორის- აკრძალვასა და აქციზის მომატებას შორის, შედარებით ნაკლებად უსიამოვნო-აქციზის მომატებაა“, – განუცხადა შალვა ოგბაიძემ „მეტრონომს“.
შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან ავტომობილების იმპორტის, ნავთობპროდუქტების და თამბაქოს აქციზის გაძვირება ძალაში შევიდა. ახალი რეგულაციით, ჩვეულებრივ მანქანებზე აქციზის გადასახადი ისედაც მატულობს, ხოლო მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში, თანხა სამმაგდება.
მანა ნოდია