საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
”ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ამისთვის მოხდება ახალი კანონპროექტების ინიცირება, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერდება კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ჩვენ, როგორც პარლამენტს და ხელისუფლების სხვა შტოებს, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და ექნება ეფექტური შესაძლებლობა, განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, რადგან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას ექნება საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია. როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამასაც შექმნის სახელმწიფო და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ნდობა. ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მოემსახურება ყველა იმ საგამოძიებო ფუნქციის სამსახურს, რომელიც იყენებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ის არ იქნება არც ერთი უწყების იურიდიული პირი, თუმცა, მოემსახურება ყველა იმ უწყებას, ვინც იყენებს ამ ფუნქციას”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

