საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია.