სააპელაციო სასამართლომ კაბელების საქმეზე ბრალდებულებს მისჯილი წლები გაუბათილა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები საპატიმროს ორ თვეში დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ბრალდებულები არ გაამართლა, მხოლოდ გადააკვალიფიცირა მუხლი, რის შედეგადაც მაქსიმალურად შეუმცირდათ სასჯელი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო. სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის – 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა უკვე მსჯავრდებულ 5 პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

