ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”რესპუბლიკელები” და ალეკო ელისაშვილი ნარმანიას ”თბილისის განვითარების ფონდის” გაუქმებისკენ მოუწოდებენ

დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წევრები  თბილისის მერს დავით ნარმანიას ”თბილისის განვითარების ფონდის” გაუქმების მოთხოვნით წერილით მიმართავენ. თემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

”იკვეთება, რომ ფონდის მუშაობა არის სრულიად გაუმჭვირვალე. თბილისის ისტორიული უბნების გარდა ფონდი სხვა უბნების რეაბილიტაციას ახდენს. ფონდმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, თბილისის რომელი ნაწილი გარემონტდეს. ამასთან, ფონდს სამი წლის მანძილზე დასახული აქვს 281 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულება და არ ჩანს თუ როგორ აპირებს ამ თანხების მოზიდვას. გაუგებარია ფონდის საკადრო პოლიტიკა. 58 საშტატო ერთეულში არ არიან კულტურათმცოდნეები, არქიტექტორები, რესტავრატორები. ფრაქცია ”რესპუბლიკელები” ალეკო ელისაშვილთან ერთად ვაცხადებთ, რომ ეს ფონდი ან უნდა გაუქმდეს და მისი უფლებამოსილებები კეთილმოწყობის სამსახურზე გადავიდეს ან ფონდმა უნდა გამართოს თავისი საკადრო პოლიტიკა და კონცენტრირდეს თბილისის ისტორიულ ნაწილზე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

”ეს არის ”ქართული ოცნების” აქტივისტების, დეპუტატების შვილების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების დასაქმების ბიურო. კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით – ფონდს საქმიანობაში მიზნებში უწერია, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე მუშაობს, თუმცა ამავე დროს ახორციელებს ლისის ტბის გარშემო ბილიკის დაგებას, მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაციას, რაც გეოგრაფიულად და შინაარსობრივადაც ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ არის. ძველი თბილისის რეაბილიტაცია გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები უნდა მუშაობდნენ. „თბილისის განვითარების ფონდში“ ერთადერთი არქიტექტორი მუშაობს და არც ერთი არქიტექტორ-რესტავრატორი, არც ერთი ხელოვნებათმცოდნე. არადა, ფონდში არსებობს ისტორიულ-კულტურული ძეგლების პროექტირების რეაბილიტაციისა და ხარისხის კონტროლის სამსახურები და ვინ ხელმძღვანელობს, გეტყვით, მაგალითად, 90-იან წლებში გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე არის ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილტაციის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ”ვუ ლე ვუ”-ს შესყიდვების ყოფილი მენეჯერი, შპს ”წევას” მენეჯერის მოადგილე და ასეთი გაუგებარი კვალიფიკაციის ხალხი. ერთადერთი რის გამოც ისინი „თბილისის განვითარების ფონდში“ არიან დასაქმებული, არის ის, რომ ”ქართული ოცნების” დროშის ტარი ეჭირათ. შესაბამისად, ეს არის ფულის ფლანგვისა და საეჭვო გარიგებების სტრუქტურა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ერთობლივი წერილით მიმართავენ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ან გაუქმდეს „თბილისის განვითარების ფონდი“, ან იგი ადეკვატური გახდეს და ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე იმუშაოს.

იტვირთბა....