ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომობილის დარღვევით მართვაზე შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვის შესახებ ისაუბრა, რომელიც საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება:

„ვგეგმავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განვიხილოთ და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ. საუბარია, მინიმუმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე: ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც მართვის მოწმობას გახდის უფრო საიმედოს და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას უფრო მაღალს.

შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება. დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული. უნდა მოხდეს ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახან შექმნა რეფორმის ფარგლებში. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი.

საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, ღვედის გამოყენება, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა თუ გადასასვლელებზე გზის დათმობა, – ეს ელემენტარული წესები ხშირად, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული რეფორმა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება და უკვე 1 წელიწადში მოგვცემს შედეგებს, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დაიცავს ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობას გახდის უფრო უსაფრთხოს. ბუნებრივია, ქალაქის მერიის გეგმები საზოგადოებრივი ტრანსპორტის და პარკირების განვითარებაზე ამ ყველაფერს შეეხიდება და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რეფორმის შედეგებს“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

იტვირთბა....