„ერთგვარი შეთანხმებაა, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს აღარ შეეხება და ამერიკა თავის მხრივ ჩვენს ქვეყანას ნატოში აღარ შეიყვანდა“
ანალიტიკოსმა თორნიკე შარაშენიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში საგარეო და შიდა პოლიტიკაზე ისაუბრა. შარაშენიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნობაზე უარის თქმით, ფაქტობრივად, პოზიცია დააფიქსირა, რომ ის გიგა ბოკერიას ჯგუფის გულშემატკივარია.
ანალიტიკოსის აზრით, მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო. მისი აზრით, ექს-პრეზიდენტის ყველაზე დიდი შეცდომა, მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა იყო, რადგანაც ის პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. თორნიკე შარაშენიძესთან საუბარი საგარეო პოლიტიკით დავიწყეთ.
„მეტრონომი“: როგორ ფიქრობთ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ხომ არ შენელდება?
თორნიკე შარაშენიძე: ინაუგურაციის დროს, სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ალიანსში მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. შესაბამისად, ამით მან ყველა ის ქვეყანა იგულისხმა, რომელიც ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც მოიაზრება.
საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შესუსტდება, გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი უკვე ისედაც, დიდი ხანია რაც გაყინულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, თავს არც ობამას ადმინისტრაცია იწუხებდა.
– რა არის მიზეზი, რომ საქართველოს საკითხი ამ ეტაპზე საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი აქტიური აღარ არის?
– როგორც ჩანს, ერთგვარი შეთანხმებაა, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს აღარ შეეხება და ამერიკა თავის მხრივ ჩვენს ქვეყანას ნატოში აღარ შეიყვანდა. შესაბამისად საქართველო თავისით უნდა განვითარდეს. ამიტომ, რაიმე განსაკუთრებულ აქტიურობას, არც ახალი ადმინისტრაციისგან უნდა ველოდოთ. მითუმეტეს ვხედავთ, რომ რუსეთს საქართველოსთვის ახლა არ სცხელა.
– ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, ამერიკა საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, პრინციპულ პოზიციას დაიკავებს?
– საქართველოს და უკრაინის თემა ერთ დონეზე არ დგას. უკრაინა როგორც ამერიკისთვის ასევე რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველო რუსეთისთვის პრობლემა 2012 წლამდე იყო. ახლა ჩვენი ხელისუფლება ვხედავთ, რომ თვალში დიდად არავის ხვდება.
კრემლისთვის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და პოლიტიკა ახლა სრულიად მისაღებია. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე დიდად აღარ ვაქტიურობთ. საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ყველას თავი დაავიწყოს.
შეიძლება ეს საქართველოსთვის კარგიც იყოს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის არ მგონია, რომ სწორი ტაქტიკაა, მითუმეტეს, როდესაც მეზობლად მტრულად განწყობილი ქვეყანა გყავს და კაცმა არ იცის, როდის რას მოიმოქმედებს.
– ამერიკის სახელმწიფო მდივნის კანდიდატურასთან დაკავშირებით რას იტყვით, უკვე ცნობილია, რომ ეს ტილერსონი იქნება…
– ტილერსონის პრორუსულობა გამოგონილი მითია. პუტინსა და მას შორის ურთიერთობა ბიზნესთან დაკავშირებით ყოველთვის რთული იყო და ის რუსეთის პრეზიდენტის მეგობარი არასდროს ყოფილა.
ეს ჯილდოც, რომელიც მან ტილერსონს გადასცა, მხოლოდ და მხოლოდ ფარსია. შესაბამისად, მის სახელმწიფო მდივნად დანიშვნა არ ნიშნავს რომ ის კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი იქნება.
– ახლა თემას მინდა გადავუხვიო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გკითხოთ. ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აღარ იქნება. როგორ ფიქრობთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის გიგა ბოკერიას ჯგუფს შეუერთდება?
– მერაბიშვილი რომ გიგა ბოკერიას გუნდს ემხორობოდა, ეს მემგონი ახალი ამბავი არ არის. მე არც გამკვირვებია, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნობაზე უარი განაცხადა. სააკაშვილსა და ბოკერიას შორის განხეთქილება 2012 წლამდე დაიწყო. მაშინაც მერაბიშვილი ბოკერიას მხარეს იყო, ხოლო უკვე როდესაც განხეთქილებამ თავისი სახე მიიღო და პარტია ორად გაიყო, მერაბიშვილმა, ვფიქრობ ამ პოზიციით თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
– მერაბიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მისი მხრიდან სააკაშვილი ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა, რადგანაც ექს-პრეზიდენტმა გირგვლიანის საქმეზე მას და მის მეუღლეს ხელი დააფარა…
– არ ვიცი მათ შორის რა პირადი პრობლემებია, მაგრამ ფაქტია რომ იმ დროს საქართველოს მერაბიშვილი ნამდვილად სჭირდებოდა და თავის საქმესაც მშვენივრად ასრულებდა. ამ შემთხვევაში იმ ბრალდებებს არ ვგულისხმობ, რომელიც მის მიმართ ისმოდა. თუმცა, ის პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა.
ვფიქრობ 2012 წელს სააკაშვილმა მისი პრემიერად დანიშვნით დიდი შეცდომა დაუშვა. არჩევნებში წაგების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მისი პრემიერობა გახდა. ის კარგი მენეჯერი და მმართველია, რასაც მის პოლიტიკოსობაზე ვერ ვიტყოდი.
ელზა პაპოშვილი