სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მისი განცხადებით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება:
„ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებელობის უზრუნველყოფის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ამ პაკეტისა და საერთოდ, სასამართლო სისტემის რეფორმირების მნიშვნელობიდან, გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს ვთავაზობ, რომელთაგან უმნიშნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს უზრუნველყოფს და მომავალში საგამოცდო ვადას აუქმებს.
ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია. მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და სასამართლოს მივიღებთ.
წარმოდგენილ პაკეტში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მათ შორის, ცვლილებები, რომლის ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემულია ასობით ათასი ლარი იმისთვის, რათა ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო. ასეთია მაგალითად, საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.