ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს ღალატი არ ყოფილა“: როგორ შეიქმნა პარტია „ევროპული საქართველო“

პარტია „ევროპული საქართველოს“ შექმნის ისგორიაზე გაზეთ „ვერსიასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიგი წერეთლის მამა, ნუგზარ წერეთელი საუბრობს. „მეტრონომი“ წარმოგიდგენთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

 

„_ პარტია როდის და რა მიზნით შექმენით, ბატონო ნუგზარ?

_ 1999 წელს, აკადემიკოსები _ ლადო ბახუტაშვილი, კოტე ბეთანელი, ლადო ჭანუყვაძე და დავით გეგეშიძე შემოვიდნენ წინადადებით, პარტიების ბუმია და პარტია ჩვენც შევქმნათო. პარტიის შექმნა ადვილი საქმე არაა, მაგრამ 350 ადამიანი შევკრიბეთ, ყრილობა ჩავატარეთ, რომელსაც ნოტარიუსიც დაესწრო და ყველაფერი აღწერა… ყრილობის ჩატარებას თანხებიც უნდოდა…

_ პარტიას თავიდანვე „ევროპული საქართველო“ ერქვა?

_ არა, ლექტორთა კავშირი… მოკლედ, პარტიის შექმნა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, მაგრამ რახან „ცოდნის“ ხელმძღვანელი ვიყავი, პარტიის თავმჯდომარედ ამიტომაც ამირჩიეს.

_ როცა პარტიის თავმჯდომარე გახდით, თქვენი ვაჟი, გიგი უკვე დეპუტატი იყო თუ ჯერ კიდევ თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა?

_ იცი, როგორ იყო? _ დეპუტატი უნდა გამხდარიყო.

_ თქვენს პოლიტიკაში ჩართვას გიგი როგორ შეხვდა?

_ არაფერი უთქვამს…

_ თავდაპირველად პარტიაში რამდენი წევრი გყავდათ?

_ დაახლოებით, 7 ათასამდე.

_ დღეს?

_ ალბათ, ხუთასამდე.

_ პარტიას სახელი როდის შეუცვალეთ?

_ ეს მკვდარი პარტია იყო _ ყველა დამფუძნებელი გარდაიცვალა და მხოლოდ მეღა დავრჩი. ისე, 2001-2002 წლებში, პრობლემურ საკითხებზე პრესაში ასი წერილი მაინც გამოვაქვეყნეთ და ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით.

_ ხელისუფლებაში თქვენი შვილი იყო და, მაშასადამე, თქვენს შვილს აკრიტიკებდით?

_ ჩემი შვილი, ასე ვთქვათ, პატარა ხელისუფლებაში იყო. ჩვენ კი დიდ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, მაგრამ გულთან არავის არაფერი მიჰქონდა და, მგონი, დღესაც არ მიაქვს. სხვათა შორის, პარტიის გაუქმებას ვაპირებდით, მაგრამ დღემდე მოვედით…

ახლა ამბობენ, ადგილი ღალატს ჰქონდაო, მაგრამ ღალატი არ ყოფილა. უბრალოდ, 2016 წლის ივნისში პარტიას სახელი შეეცვალა.

_ ბატონო ნუგზარ, პარტიას სახელი თქვენი ინიციატივით შეუცვალეთ თუ გადაწყვეტილება გიგიმ და მისმა მეგობრებმა მიიღეს?

_ ჩემი ინიციატივაც იყო და გიგისიც… მათ ვიცნობდი და ვუთხარი, აი, პარტია კვდება და იქნებ, სული შთავბეროთ-მეთქი.

_ ამის შესახებ კონკრეტულად ვის უთხარით?

_ გიგის, გიგიმ კი თავის მეგობრებს უთხრა. მერე, ყრილობა ჩატარდა, რომელსაც, როგორც წესია, 350 ადამიანი ესწრებოდა, ნოტარიუსიც იყო და სახელი გადაერქვა.

_ კეთილი, მაგრამ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნაციონალებმა ამ მკვდარ პარტიასთან კოალიცია რა მიზნით შექმნეს?

_ ვანო, ვინმე სხვას ხომ არ ვთხოვდი, კოალიციაში მიმიღე-მეთქი? ჩემი შვილი ნაცმოძრაობაში იყო და სხვა პარტიასთან როგორ წავიდოდი? კოალიციაში პარტიის გაცოცხლების მიზნით შევედით და არა _ ღალატის ანუ გვინდოდა, პარტიას კვალიფიკაცია მიეღო და მუშაობა ცოტა მაღალ დონეზე გაგვეგრძელებინა.

_ ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაში თქვენგან ვინმე ჩაწერეს?

_ კი, ჩემი მოადგილე და კიდევ ვიღაცები ჩაწერეს, მაგრამ ჩემი შვილი 27-ე იყო და ისინი უფრო უკან იყვნენ.

_ ერთი სიტყვით, ნუგზარ ბატონო, კატეგორიულად უარყოფთ, რომ ის, რაც ბოლო დროს ნაცმოძრაობაში მოხდა, წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი?

_ დიახ, არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ღალატის ან შეჯიბრის შესახებ არაფერი გამიგია. ლაპარაკი მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე იყო…

_ მათ, ვინც ნაცმოძრაობაში დარჩნენ ან, თუნდაც მიშას პროტესტი არ გამოუთქვამს, ამ სუსტ პარტიასთან ბლოკი რატომ უნდა შევქმნათო?

_ მიშას ფიქრებზე არაფერი ვიცი, წინააღმდეგობა არც სხვა ვინმეს გაუწევია _ ყველამ ნახა, რომ ყრილობა ჩატარდა და პარტიაში ხალხი გაწევრიანდა.

_ ევროპულ საქართველოს, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს, საბიუჯეტო დაფინანსება აქვს, არა?

_ დიახ, აქვს.

_ ოფისი გაქვთ?

_ დიახ, „ცოდნის“ ოფისში ვართ. „

წყარო: „ვერსია“

 

იტვირთბა....