მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს ამერიკის 45-ე პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. პრემიერის განცხადებით, საქართველო რეგიონში ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირედს რჩება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„დონალდ ტრამპს წარმატებები მინდა ვუსურვო, როგორც ამერიკის შიდა გამოწვევებთან, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ ყველა წინააღმდეგობასთან ბრძოლაში.
ძლიერი ამერიკა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. საქართველო იყო და რჩება რეგიონში აშშ-ს ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც არა ერთ მიმართულებას მოიცავს. საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობებს გააგრძელებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი იყო,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.