ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს დანაზოგების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში აქვს ნომინირებული. ინფორმაცია მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი – 20000.00 USD (სარგებელი 2000 USD)
თი–ბი–სი ბანკი დეპოზიტი – 3460.00 USD
ბანკი ქართუ დეპოზიტი – 1000.00 USD
ნაღდი ფული – 5000.00 USD
ბანკი ქართუ – 2.00 EUR
ბანკი ქართუ – 59.00 USD
ლარში განთავსებული თანხა კი შეადგენს:
ნაღდი ფული – 20000.00 GEL
ბანკი ქართუ – 3958.00 GEL
ბანკი ქართუ – 297.00 GEL
დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2016 წლის 2016 წლის 20 იანვარს შეავსო, პირველი ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ოჯახის საკუთრებაშია ასევე 7 ბინა, 5 მიწის ნაკვეთი, 2 საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხია. დეკლარაციის მიხედვით, ქუმსიშვილის ოჯახი ფლობს ბინებს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე (ფართობი – 24.00 კვ.მ); ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე ბინას, რომლის ფართობიც 34.00 კვ.მ-ია; ასევე, ჟიული შარტავას ქუჩაზე (ფართობი – 189.00 კვ.მ); გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (ფართობი – 55.00 კვ.მ), ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში (ფართობი – 40.00 კვ.მ); ქავთარაძის ქუჩაზე (ფართობი – 58.00 კვ.მ) და ჯიქიას ქუჩაზე (ფართობი – 91.00 კვ.მ); აქედან, 4 ბინა დიმიტრი ქუმსიშვილის 100%-იან საკუთრებაშია, ორი ბინა მის მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს ეკუთვნის, ხოლო ერთი შვილის, იოსებ ქუმსიშვილს. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ქუმსიშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე, რომლის ფართობი 312.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე არსებული 451.00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ქუმსიშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ქალაქ თეთრ წყაროში, ბაგრატიონის ქუჩაზე (ფართობი – 187.00 კვ.მ) და ამავე ტერიტორიაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობებიც 475.00 კვ.მ და 480.00 კვ.მ-ია. რაც შეეხება სხვა მიწის ნაკვეთებს, ქუმსიშვილის მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის საკუთრებაშია 2 მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში, ე.წ. “ნუშის ბაღის” ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 603.00 კვ.მ და 604.00 კვ.მ-ია. ქუმსიშვილის საკუთრებაშია ასევე, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული 20.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება სხვა ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ქუმსიშვილის საკუთრებაშია 2006 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” ხოლო მეუღლე ნატალია თევდორაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა “ჰუნდაი ტუსონს”.
დეკლარაციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილის ანგარიშზე 4519 დოლარი, 2 ევრო და 4255 ლარი იყო; მისი მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის საბანკო ანგარიშებზე კი, 8418.00 ევრო (დეპოზიტი) და 439.00 დოლარი ირიცხებოდა. დეკლარაციის შევსების მომენტში, დიმიტრი ქუმსიშვილს 5000.00 დოლარი და 20000.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქუმსიშვილს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესში” 20000.00 დოლარის თამასუქი აქვს. რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილის 2015 წლის საერთო შემოსავალს, მას 71 712.23 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. აქედან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან მან 13054.80 ლარი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან – 25000.00 ლარი, ხოლო თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან – 33657.43 ლარის შემოსავალი მიიღო. მისმა მეუღლემ, ნატალია თევდორაშვილმა შ.პ.ს “მიტარბი”-დან, სადაც ის კონსულტანტია, 1875.00 ლარის შემოსავალი მიიღო. მინისტრის დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს შპს “რეშენალ სოლუშენსიდან”, რომლის პარტნიორიცაა, 39900.00 ლარი აქვს მიღებული. რა შეეხება მინისტრის წინა წლის გასავლებს, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა 68000.00 დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობისთვის, 26939.00 ლარი გადაიხადა. უძრავი ქონების შესაძენად ბანკი “ქართუდან” აღებული 59000.00-დოლარიანი სესხის პროცენტის დასაფარად კი, 41563.00 დოლარი აქვს გადახდილი. 20000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხისთვის კი, 2735.00 დოლარის პროცენტი გადაიხადა. მინისტრმა, შვილების, ირაკლი და ნინო ქუმსიშვილების სწავლისთვის 7500 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება შემოსავალს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბინის იჯარით გაცემიდან 5795.00 ლარი მიიღო. ასევე, შემოსავლის სახით აქვს მიღებული თამასუქის სარგებელი – 2279.00 დოლარი. მის მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს, დეპოზიტზე 890.00 დოლარის სარგებელი დაერიცხა. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს მამამ თეთრიწყაროში 30 000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აჩუქა.