ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორია სანქციები თუ პატრულმა საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში აღმოგაჩინათ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას გამოიწვევს, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი  მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. ერთი წლის განმავლობაში კი მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმა 700 ლარამდე გაიზრდება და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება.

ხოლო მესამე შემთხვევის გამოვლენისას, ჯარიმა 1000 ლარი, მართვის უფლების შეჩერების ვადა კი  2 წელი იქნება. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის კი 1000 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.

როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ავარიების გამომწვევი მიზეზების სამეულში კვლავ რჩება.

მინისტრის მოადგილემ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მართვის მოწმობის დაბრუნების ტენდენციაზეც ისაუბრა,  როგორც მან აღნიშნა, საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აქვს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება.

”თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ მიდგომა საკმაოდ გამკაცრებულია”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174  მძღოლს ჩამოერთვა, მათგან საბუთი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა. .

 

იტვირთბა....