ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარალელური მატარებელი: რას ამბობს სააკაშვილი მათზე, რომლებმაც „ნაცმოძრაობა“ დატოვეს

 

„პარტიას ჩამოშორდა ის ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა“, – ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, სადაც პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყოფილი პარტიელების ჯგუფმა იდეის რწმენა დაკარგა: „შეიძლება, არც არასდროს სჯეროდათ იმის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ვემსახურებოდით, ამიტომ ხალხი, როდესაც პარტიაზეა საუბარი, უკეთესია, პარტიაში არ იყოს. პარტია არის ბრძოლისუნარიანი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც იმის ფუნქცია აქვს, რომ შეცვალოს არსებული რეალობა. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ის იდეურად არის სუფთა. თუ არის დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებს. თუ მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი.

დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, გამარჯვების, ვისაც გვჯერა ისინი წინ უნდა გავატაროთ. დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა. ეს მხოლოდ დადებითი პროცესია. სხვანაირად ვერ შევხედავ.

აქ არის ძირითადი განსხვავება ჩემს ხედვასა და იმ ხალხის ხედვას შორის, ვინც დატოვა “ნაციონალური მოძრაობა.

ჩვენ ბოლო წლებში გვქონდა კონცეპტუალური დავები. ისინი ყოველთვის ატარებდნენ გამოკითხვებს. “ხალხს უნდა ამის მოსმენა, ხალხისთვის პოპულარულია ესა და ეს თემები, პროგრამა უნდა ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ ხალხი არ გავაღიზიანოთ სხვა რაღაცებზე ლაპარაკი. “მე სრულიად განსხვავებულად ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ შენ კი არ უნდა მიჩანჩალებდე პროცესების უკან, დინებას კი არ უნდა მიჰყვებოდე. დინებას მიჰყვებიან მკვდარი თევზები. დინების წინააღმდეგაც უნდა იცურაო, თუ დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, ენერგიაში და იმაში, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ. დინება შეიძლება, იცვლებოდეს. შენი მიმართულება არ უნდა იცვლებოდეს. ხალხი ხომ იმას მიყვება, ვინც თავის თავში დარწმუნებულია. ქარიზმა ეს ხომ არ არის გამომეტყველება და სახე. ქარიზმა ეს არის, როდესაც საკუთარ თავში ხარ დარწმუნებული”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პარტიიდან წასულებმა ამომრჩეველი „გადააგდეს“:

„არჩევნები რომ მომეგო, საქართველოში დაბრუნების საშუალება მექნებოდა, რადგან სხვა ბერკეტები გამოჩნდებოდა.

ვინც ჯგუფიდან გავიდა, მათ ჰქონდათ გეგმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდება, სხვა პარტიაში, სხვა მატარებელში გადამსხდარიყვნენ. ფაქტია, რომ პარალელური პლატფორმა არჩევნებამდე შეიქმნა. მათ, ამომრჩეველი, რბილად რომ ვთქვათ, „გადააგდეს“.

სააკაშვილის განმარტებით, მას ადამიანურად მაინც გული სწყდება როდესაც ზოგიერთი ადამიანის დეგრადაციას ხედავს:

„მე არასდროს მეგობრობას არ ვურევდი სახელმწიფო საქმიანობაში. ჩემი მთავარი ძალა ეს არის. ჩემთვის არაფერს ნიშნავს მეგობრობა. ამისთვის მაკრიტიკებდნენ, ივანიშვილი მაგას მინუსად მითვლიდა, მაგრამ მე არასდროს მიმაჩნდა, რომ პიროვნული ურთიერთობები უნდა დავაყენოთ მაღლა სახელმწიფოსა და იდეაზე. მე არც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი არ მელაპარაკებოდა ამის გამო. ადამიანურად გული მწყდება ხანდახან როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას. რა თქმა უნდა დამრჩა მეგობრები წასულებს შორის, მაგრამ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. იდეა არის სახელმწიფოებრივი და პირადი ურთიერთობების ადგილი თუ არის, როცა ყველაფერს მოვრჩებით ყვარელში, რთველის დროს, სუფრაზე, თუმცა, იმის იქით სახელმწიფო უწყებებში… ბევრმა მეგობარმა, რომლების ბავშვებიც მყავს მონათლული და ახლოს ვიყავი, როგორც კი გადააბიჯა წითელ ხაზს, გულმა გაუწია კორუფციისკენ ან სახელმწიფო საქმეს აზიანებდნენ, იქ ყველაფერი მთავრდებოდა და უკანა პლანზე გადადიოდა ყოველთვის. ეს ეხებოდა ძალიან ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლებს შორის. რაც მოხდა, მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტმა გიგი უგულავას შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, ეჭვი, რომ ის ივანიშვილმა გაათავისუფლა, ბუნებრივია:

„რაც შეეხება გიგის, ადამიანურად მიხარია, რომ გარეთ არის. ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით აღსავსე, საპატიმროში გაამწესეს, მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის განვითარებაში მე მეხმარებოდა. ამისთვის მისი მადლობელი ვარ. ისიც ვიცი რომ ძირითადად ჩემ გამო დასაჯეს, როგორც სხვა ხალხი და ივანიშვილის მთავარი პრობლემა მე ვარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემზე უნდა გაბრაზდეს და არა-მის უსამართლოდ დამსჯელზე.

ძალიან ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ უგულავა ივანიშვილმა გამოუშვა.  ოლიგარქი ყველა ხე სად დგას, იმას აკონტროლებს და პოლიტიკოსებს ვერ გააკონტროლებს? პოლიტიკოსებით ერთობა, როგორც სათამაშოებით. „

მისივე თქმით, სააკაშვილის ლიდერობას აღიარებს ის, ვინც მას თავს ესხმის:

„სამი წელია ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და კიდევ ჩემზე ლაპარაკობს ყველა. ე.ი.რაღაც განსაუთრებული შევქმენი, რომ ამის გარშემო მიდის დავა. ჩემ ლიდერობას აღიარებს ის, ვინც თავს მესხმის.

მე გაბრეზებული ვარ მხოლოდ საქართველოს მტრებზე და მე ვარ გაბრაზებული მხოლოდ ივანიშვილზე. პარტიის ყოფილ წევრებზე გაბრაზებული არ ვარ, რადგან ქვეყნის მტრებად არ მიმაჩნია. „-აღნიშნა სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.

 

 

 

იტვირთბა....