ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს. ღონისძიება I ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ცოტნე ჩაჩუამ ქართველ სამხედროებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულება უსურვა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებულ ძალების, ტრადიციების და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა.
მოგვიანებით, სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდანაა ჩართული.
ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ქართველი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის მეთაური, პოლკოვნიკი სეტ გლედსტოუნი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მრჩეველთა ოფისის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილიამ ბარლესონი, ავსტრალიელ მრჩეველთა ჯგუფის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჯეისონ ვოლკი, ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეთაური, ბრიგადის გენერალი ედვარდ ბენტი, ასევე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლობის წარმომადგენლები, აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.