საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნიკა მელიამ ყოფილი თანაგუნდელების, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან შეაფასა:
„როგორც ჩანს დიდი ხნით ადრე ჰქონდა ამ ჯგუფს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც ენმ დატოვა. რა ფორმით და როგორ, ამას დრო აჩვენებს. მათ აზრს პატივს ვცემთ. წამსვლელი წავიდა. უბრალოდ ძალიან მოულოდნლელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი დრო დაუთმეს ენმ-ს და სააკაშვილის ლანძღვას. გასაკვირი იყო ისიც, რომ ივანიშვილის ტექსტით ისაუბეს ენმ-ზე.
სამწუხაროა რომ ის ადამიანი გვესაუბრებოდა, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე.
მთავარი მოხდა დღეს-დამთავრდა ენმ-ს კარჩაკეტილობა, ქედმაღლობა, ნეპოტიზმი, საკუთარი ამომრჩევლების უგულებელყოფა. ეს მოძრაობა არ არის არც სააკაშვილის, არც ორი-სამი პოლიტიკოსის. ხალხის გარეშე ეს მოძრაობა არ არსებობს.
რამდენიმე დღის წინ ციხიდან გამოსული ადამიანი საუბრობდა იმ პარტიაზე, რომელიც, მისი თქმით, დანგრეულია და შთაბეჭდილება დამრჩა რომ მადლობა გადაუხადა ივანიშვილს რომ გარეთ არის. მას ვერ შევატყვე, რომ გული შესტკივა ამ პარტიის დანგრევაზე. აქედან გამომდინარე, რომელ თანამშრომლობაზეა საუბარი. „-განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ რამდენიმე წუთის წინ, ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.
პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.