“ენმ”-ში მიმდინარე პროცესებს პარტიის წევრი და დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეხმაურება და “ფეისბუქის” საშუალებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, თუმცა პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გარკვეული სახის გადაწყვეტილება მიიღო.
“ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ მსურს რომ ჩემი საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო, იმ პროცესების ირგვლივ რაც ახლა პარტიაში მიმდინარეობს. მიმაჩნდა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც სამწუხაროდ განუხორციელებელი აღმოჩნდა. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ყოველგვარი საუბარი შეთქმულების თეორიებზე, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
რაც შეეხება ჩემს პირად გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში.
ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან ამ შიდა პარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე.
ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის.” – წერს სამადაშვილი.