ახალი ამბები მედია მთავარი

ნათია კუპრაშვილი: „უნდა ვუგულშემატკივროთ ახალ დირექტორს“

„ბატონი ვასილი ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული, შესაბამისად, ის რაც მოხდება ხვალ და ზეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს იქნება სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობა“, -ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა,  ნათია კუპრაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებულ არჩევნებს, კუპრაშვილმა განაცხადა:

„არჩევნების სამართლიანობა რომ შევაფასო,  ჩემი მხრიდან სუბიექტური იქნება. ამიტომ მოვერიდები. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს პასუხისმგებლობას აკისრებს არამხოლოდ ახლადარჩეულ დირექტორს,  არამედ, სამეურვეო საბჭოს წევრებსაც. ბატონი ვასილი ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული, შესაბამისად, ის რაც მოხდება ხვალ და ზეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს იქნება სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობა. მათ ნამდვილად მოუწევთ ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან და ამ ინსტიტუციის გულშემატკივრებთან, რომლებიც, ჩემთან ერთად, დეტალურად დააკვირდებიან იმ პროცესებს, რაც განვითარდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ინსტიტუციის გულშემატკივრად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერი შანსი და გზა გვქონდეს დამოუკიდებელი მედია ინსტიტუტი ქვეყანაში. ჩვენ ამისთვის ვიხდით ძალიან დიდ თანხას, ამიტომ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ შევამოწმოთ, რამდენად სწორი პროდუქტი მივიღეთ. საზოგადოების მხრიდან კონტროლი თუ მოდუნდა და ყველამ ხელი ჩაიქნია, ეს ყველაზე ცუდი შედეგი იქნება. ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება და ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი მივიღოთ.

„მეტრონომი“: ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებით, პოლიტიკური გავლენებისგან  დამოუკიდებლობის საკითხი დაისვა.  როცა ბორდის პასუხიმსგებლობას ახსენებთ, ამ საკითხს გულისხმობთ?

ნათია კუპრაშვილი: დამოუკიდებლობის ხარისხთან მიმართებაში გამოწვევები არსებობდა, არსებობს და იარსებებს. როცა ბატონ ვასილთან დაკავშირებით მისვამდნენ ამ კითხვას, ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მჩვევია იარლიყებით საუბარი და მსჯელობა. არ შეიძლება სტერეოტიპიზირება. თუ ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ დაგვისვა გენერალური დირექტორი, ეს ნიშნავს, რომ აღარც გადავხედვათ თუ რა მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად, გვექნება მედიანიჰილიზმი. ეს კი დაუშვებელია. პირიქით, უნდა ვუგულშემატკივროთ ახალ დირექტორს, მაგრამ ეს მაამებლობას და ლოიალობას არ ნიშნავს, არამედ, დავაკვირდეთ პროცესში და შესაბამისი რეაგირებები გვქონდეს ყველა გადაწყვეტილებაზე. ხედვების დონეზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, წარმოება გაიზარდოს და ა.შ. ვფიქრობ, რომ კანდიდატებს შორის დიდი სხვაობები არ იყო.  თუმცა, მიმაჩნია, რომ  ყველაზე კარგად წარმოვაჩინე, რაც უნდა გაკეთებულიყო და იმედი მაქვს, ამას აიღებს ახალი დირექტორი და გააკეთებს. ხოლო თუ როგორც  განხორციელდება ეს ხედვები, სწორედ ამას სჭირდება დაკვირვება.“ – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გამოსავლენად მეორე ტურის კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა – ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმა, თიკო ბერძენიშვილი 2 ხმა, ნინო ზაუტაშვილი 1 ხმა, ნათია კუპრაშვილი ერთი ხმა, ხოლო ზაალ ანჯაფარიძისთვის მხარი საბჭოს არცერთ წევრს არ დაუჭერია.  საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე.

პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ზაალ ანჯაფარიძე – 6 ხმა; ვასილ მაღაფერიძე – 5 ხმა; ნინო ზაუტაშვილი – 5 ხმა; თინათინ ბერძენიშვილი – 8 ხმა; ნათია კუპრაშვილი – 8 ხმა.

მანა ნოდია

იტვირთბა....