“ყველაზე მაღალი საფეხურის პედაგოგებს ექნებათ ხელფასი 1100 ლარი, დანარჩენთან მიმართებაში დიფერენცირებული მიდგომა იქნება“,-ამის შესახებ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსადნრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
რას ნიშნავს მაღალი საფეხურის პედაგოგი? “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის” კოორდინატორი, კახა ჟღენტი, edu.aris.ge-სთან განმარტავს:
„ახალი სტანდარტით არის პედაგოგის ოთხი კატეგორია. პირველი – “პრაქტიკოსი” პედაგოგი. მეორე – “წარჩინებული” პედაგოგი; მესამე “მკვლევარი” პედაგოგი და მეოთხე “მენტორი”.
მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიები გამოყოფილია კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებელის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას, რომელთაგან ყველაზე დაბალია პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო ყველაზე მაღალია მენტორი მასწავლებელი.
მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიებია:
ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;
ბ) წარჩინებული მასწავლებელი;
გ) მკვლევარი მასწავლებელი;
დ) მენტორი მასწავლებელი.
ყოველი საკვალიფიკაციო კატეგორიის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით. ყოველი მომდევნო საკვალიფიკაციო კატეგორიის მასწავლებელი სრულად უნდა ფლობდეს წინა საკვალიფიკაციო კატეგორიის კომპეტენციებს.
“პრაქტიკოსი” პედაგოგი – ეს არის პედაგოგი, რომელსაც აქვს თეორიული ცოდნა პროფესიულ უნარებსა და საგანში რომლის საფუძველზეც ის კლასში წარმატებულ სასწავლო პროცესს ახორციელებს. შემდეგი ეტაპი ანუ “წარჩინებული” პედაგოგი, არის კატეგორია, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ყველა მოსწავლესთან, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით შეუძლია დაეხმაროს წარმატების მიღწევაში. მესამე – “მკვლევარი” პედაგოგი, რომლებიც გაკვეთილს ატარებენ საკუთარი პრაქტიკული კვლევების, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სიღმისეული რეფლექსიის საფუძველზე. ადრე ამ კვლევას საკუთარი საქმიანობის ანალიზს ვუწოდებდით. სინამდვილეში ეს არის პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მაღალი დონის პედაგოგი აკეთებს და ამ კვლევის შედეგის მიხედვით ცვლის კლასში სამოქმედო გეგმას. ყველაზე მაღალი საფეხური კი “მენტორი” პედაგოგია, რომელიც თავისი პრაქტიკული კვლევებით, ანალიზით, გაკვეთილების ჩატარების სტილით და მიღწეული შედგებით ავტორიტეტია და მისი გზა სამაგალითოა დამწყები პედაგოგებისთვის. შესაძლოა, მომავალში დამწყები პედაგოგის საფეხურიც გამოიკვეთოს.
სერტიფიცირება- გამოცდა, როგორც მასწავლებლის უფლების მოპოვების იურიდიული ფორმა გაქრება, მაგრამ გამოცდა, როგორც საჭირო კრედიტების დაგროვების ალტერნატიული ფორმა ( რათა პედაგოგი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან გადავიდეს წარჩინებული პედაგოგის საფეხურზე) დარჩება.
მესამე და მეოთხე საფეხურზე პედაგოგმა ისეთი უნარ-ჩვევები უნდა გამოავლინოს, რომელიც უბრალოდ გამოცდით არ მოწმდება.
კრედიტები გროვდება შემდეგი აქტივობების ჩამონათვლით:
სასწავლო პროცესი, საგაკვეთილო პროცესი, პროექტი, სსსმ მოსწავლესთან მუშაობა, კვლევა, კლასგარეშე აქტივობა, სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება, პროფესიული ორიენტაცია, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სასწავლო რესურსის შექმნა, მოსწავლეთა მიღწევები.
“პრაქტიკოსმა” პედაგოგმა წინ წასასვლელად სამ წელიწადში 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, “წარჩინებულმა”- 32, “მკვლევარმა ” – 40.
მასწავლებელთა სერტიფიცირება გულისხმობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას, მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამაღლებას, კერძოდ, პედაგოგის ავტორიტეტის გაზრდას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი რგოლის წარმატებულ განვითარებას.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა, გამოცდებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ: მატემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების პედაგოგებს. 2011 წელს საგნების ჩამონათვალს დაემატა: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და დაწყებითი კლასები. 2012 წელს კი: ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და მულტილინგვური განათლება.
ყოველ წელს, პედაგოგები საგნობრივი გამოცდის გარდა პროფესიულ უნარებსაც აბარებენ. სასერტიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებლის პროფესიული უნარების შეფასება იმის წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ ეცოდინებათ, როგორ წარმართონ სწავლების პროცესი ეფექტურად, როგორ შეუწყონ ხელი მოსწავლეთა სწავლით დაინტერესებასა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვას, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრებას.
„მნიშვნელოვანია, შეფასებაში სკოლის მონაწილეობა და თვითშეფასების ელემენტის გაძლიერება. შეფასება გრძელვადიანი პროცესი ხდება, რომელიც მოიცავს საჭიროებების დადგენას და პროფესიული დახმარების გაწევას. მთავარი კითხვა არის, როგორ შეძლებს სკოლა ეფექტურად აამუშაოს საკუთარი ხარისხის მართვის მექანიზმები? მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. შეუძლებელია, 60 000 მასწავლებლის ცენტრალიზებული შეფასება და მართვა. ეს ხარისხს ვერ მოგვცემს!“-აცხადებს ჟღენტი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლების შეფასების სისტემის გაუქმება არ იგეგმება, თუმცა სისტემა შეიცვლება და დაიხვეწება.
„მე ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით მასწავლებლის შეფასების სისტემა, რომელიც ათასნაირ მასწავლებელს აფასებს ერთნაირად. რატომ არის სისულელე? იმიტომ, რომ კორპორატიულმა სამყარომ, ბიზნესმა, ასეთი შეფასების სისტემები 30 წლის წინ ჩამოწერა და თქვა, რომ არ მუშაობს. განა ცუდია, უბრალოდ, შედეგს არ გვაძლევს. რაც მოვედი, პირველივე დღიდან მეკითხებიან: გააუქმებ სქემას, თუ არ გააუქმებ? პირობას გაძლევთ, რომ არ გავაუქმებ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ დავხვეწავ”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, პედაგოგების შეფასების სქემა ყველა მასწავლებელს უნდა აძლევდეს საშუალებას, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს.
„შეფასების სისტემების რომელიმე თანამედროვე წიგნი ვინმემ რომ გადაშალოს, იქ წერია, თუ შენ ისე გააკეთე სისტემა და ბევრი ჩაიჭრა, ცუდი სისტემა გაგიკეთებია. ასეთი ძალიან მარტივი რამეა. არ ვიცი, ვიღაცამ არ იცოდა ან არ უნდოდა რომ ცოდნოდა, ეს ცალკე საკითხია და ამას არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ რაღაცა შეფასების სისტემა აუცილებლად უნდა იყოს, მეორე ფაქტია, სისტემას უნდა ჰქონდეს ეს განშტოებები, რომ ჩვენ სპილოები არ შევამოწმოთ ხეზე აძრომაში, თევზები არ შევაჯიბროთ სირბილში და მაიმუნები წყალში ყვინთვაში. ყველას ჰქონდეს საშუალება თავი გამოიჩინოს“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში მოქმედებს 2,300 სკოლა.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლებას იღებს 550,000 მოსწავლე.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებულია 67,000 მასწავლებელი.
სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა 17,500 მასწავლებელმა.
49,500 მასწავლებელი არ არის სერტიფიცირებული.